არეულობის ფონზე, მაკრონი ძალადობის გაღვივებაში სოციალურ მედიას ადანაშაულებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელებს პასუხისმგებლობიანი მოქმედებისკენ მოუწოდა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი არეულობების ფონზე, რაც რამდენიმე დღით ადრე პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა.
ამის შესახებ Politico წერს.
პარასკევს შუადღისას მთავრობის სხდომის შემდეგ მაკრონმა თქვა, რომ სოციალური მედიით დაორგანიზდა "ძალადობრივი შეკრებები" და "ერთგვარი სიმულაციური ძალადობა."
მან ახალგაზრდები, რომლებიც არეულობებში მონაწილეობდნენ, რეალობისგან მოწყვეტაში და "ვიდეოთამაშებში ცხოვრებაში დაადანაშაულა, რამაც ისინი დაათრო."
საფრანგეთის პრეზიდენტმა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, წაშალონ ძალადობრივი შინაარსი და სამართალდამცავებს მიაწოდონ ინფორმაცია მომიტინგეების შესახებ, რომლებიც სოციალურ მედიას არეულობის გასაღვივებლად იყენებენ.
"მე ველი, რომ ეს პლატფორმები პასუხისმგებლობის გრძნობას გამოიჩენენ," - თქვა მაკრონმა.
ფრანგულმა ტელევიზიამ BFMTV-მ ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ზოგიერთმა სოციალურმა ქსელმა, როგორიცაა TikTok, გაავრცელა ვიდეო ჰეშთეგებით, რომლებიც დაკავშირებულია ძალადობრივ ქმედებებთან. ასევე პოლიციამ დაადასტურა, რომ პროტესტი კოორდინირებული იყო მესინჯერების საშუალებით, როგორიცაა WhatsApp და Telegram.
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები 17 წლის მძღოლის გარდაცვალებამ გამოიწვია, რომელიც პოლიციამ გზაზე პატრულირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
არეულობები სამშაბათს საღამოს დაიწყო და ყოველ ღამე უფროდაუფრო მეტ ქალაქში ვრცელდება.
დემონსტრაციებზე მიმდინარე დაპისრპირების შედეგად საფრანგეთში 492 შენობა დაზიანდა, 2000 მანქანა დაიწვა, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღის 3800-მდე გასროლა დაფიქსირდა, თითქმის 250 სამართალდამცავი დაშავდა და 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.