საფრანგეთში მესამე დღეა არეულობაა პოლიციის მიერ 17 წლის ბიჭის მკვლელობის გამო

უკვე მესამე დღეა, რაც საფრანგეთის ქალაქებში ძალადობრივი პროტესტი მძვინვარებს პოლიციის მიერ 17 წლის ბიჭის მკვლელობის გამო.

29 ივნისის ღამეს კვლავ დაწვეს მანქანები, დაარბიეს შენობები და დააკავეს ასობით ადამიანი.

ღამით არეულობას წინ უძღოდა 17 წლის ბიჭის, ნაჰელის ხსნოვნის პატივსაცემად გამართული მარში.

სამართალდამცველები ღამეს მომზადებულები შეხვდნენ - ქუჩაში გამოყვანილი იყო დაახლოებით 40 ათასი პოლიციელი, მათ შორის ელიტური რაზმებიც.

პარიზის გარშემო რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. გარდა ამისა, აიკრძალა საჯარო თავშეყრა და ჩრდილოეთის ქალაქ ლილში ვითარებას ვერტმფრენები და დრონები აკონტროლებდნენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჰქონდა ადგილი ძალადობასა და ქონების დაზიანებას. შედეგად, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი იუწყება, 667 ადამიანი დააკავეს.

მთავრობა ცდილობს, 2005 წლის სცენარი აირიდოს, როდესაც პოლიციის დევნის შედეგად ორი აფრიკული წარმოშობის ბიჭის მკვლელობას არეულობა მოჰყვა და საბოლოოდ, 6 ათასი ადამიანი დააპატიმრეს.

ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას მშვიდობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ძალადობრივი პროტესტი გაუმართლებელია.

17 წლის ნაჰელი პარიზის გარეუბან ნანტერში მაშინ მოკლეს, როცა მოძრაობის წესების დარღვევის გამო პოლიცია აედევნა და მათგან დასხლტომას ცდილობდა. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ დგას ორი პოლიციელი მანქანასთან, ერთ-ერთი მძღოლს იარაღს უმიზნებს და ეუბნება, რომ თავში ტყვიას დაახლის, შემდეგ კი ისვრის.

ნანტერის პროკურორმა, პასკალ პრაშემ თქვა, რომ პროკურატურის აზრით, დაკავებულ პოლიციელს ცეცხლის გახსნის სამართლებრივი წინაპირობა არ ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები