საფრანგეთში მოკლული მოზარდის ბებიამ დემონსტრანტებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
სამშაბათს პარიზის გარეუბანში პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის ნაელის ბებიამ მოქალაქეებს მოუწოდა ძალადობრივი პროტესტი შეწყვიტონ. დემონსტრაციები უკვე 5 დღეა გრძელდება.
ამ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ქალმა აქციების მონაწილეებს სთხოვა "შეწყვიტონ მაღაზიის ვიტრინების მსხვრევა, არ გაანადგურონ სკოლები და ავტობუსები."
"მე ვეუბნები ხალხს, ვინც ანადგურებს: გაჩერდით. არ დაამტვრიოთ ფანჯრები, არ დაანგრიოთ სკოლები, არ დაანგრიოთ ავტობუსები. გაჩერდით, დედები არიან ავტობუსებში, ესენი არიან დედები, რომლებიც დადიან ქუჩაში," - თქვა ნადიამ, 17 წლის ნაელის ბებიამ BFM-TV-ს ეთერში.
"გაბრაზებული ვარ ორ პოლიციელზე, ვინც ჩემს შვილიშვილს თოფის კონდახით დაარტყა თავში და მასზე, ვინც პირდაპირ გულში ესროლა, რადგან შეეძლო ესროლა ფეხში ან მკლავში," - თქვა ბებიამ. "ამ შემთხვევაში, მას სიცოცხლე წაართვეს."
"გული მტკივა. შვილიშვილი წამართვა. ამ კაცმა ისე უნდა აგოს პასუხი, როგორც ყველამ, ვინც კანონს დაარღვევს. მე მჯერა სამართლიანობის." - აღნიშნა მან.
38 წლის პოლიციელს, რომელმაც ნაელი მოკლა, ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს და ხუთშაბათს დააპატიმრეს.
ნაელი შაბათს დედის, ბებიის და რამდენიმე ასეული ადამიანის თანდასწრებით დაკრძალეს.
საფრანგეთის პოლიციამ 17 წლის ნაელის დაკრძალვის შემდეგ დაწყებული ძალადობრივი პროტესტისას ასობით ადამიანი დააკავა.
საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები 17 წლის მძღოლის მკვლელობამ გამოიწვია, რომელიც პოლიციამ გზაზე პატრულირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
არეულობები სამშაბათს საღამოს დაიწყო და ყოველ ღამე უფროდაუფრო მეტ ქალაქში ვრცელდება.
დემონსტრაციებზე მიმდინარე დაპისრპირების შედეგად საფრანგეთში 492 შენობა დაზიანდა, 2000 მანქანა დაიწვა, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღის 3800-მდე გასროლა დაფიქსირდა და თითქმის 250 სამართალდამცავი დაშავდა.