საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს უკრაინიდან ევაკუაციისკენ არ მოუწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებით ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და მოქალაქეებს უკრაინიდან ევაკუაციისკენ არ მოუწოდებს, თუმცა ქვეყნის დატოვების სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს "ლოჯისტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას" სთავაზობს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართული საელჩო და საკონსულოები "საგანგებო რეჟიმშია" გადასული.
სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, "გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო".
გუშინ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში შესაძლოა, რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრას.
აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს, უკრაინა დატოვონ.
ამასთან, აშშ უკრაინაში თავისი საელჩოს ევაკუაციასაც იწყებს. უკრაინას ტოვებენ რუსი დიპლომატებიც.