სახ.დეპი: ამჟამად ჩვენი ორმხრივი კავშირები გამორჩეულად რთულ ვითარებაშია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა, 31 ივლისს გამართულ პრესბრიფინგზე, ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა.

პრესსპიკერის მოადგილის თქმით, 95 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ფულადი დახმარების შეწყვეტა საქართველოს მთავრობისთვის გამოწვეულია მათი [საქართველოს მთავრობის] ანტი-დემოკრატიული ქმედებებითა და ცრუ ბრალდებებით, რომლებიც საქართველოს პრო-დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებთან თანხვედრაში არ მოდის.

„უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს ევროკავშირის წევრობას უჭერს. მაგრამ საქართველოს მთავრობა საკუთარი ქმედებებით, რომელიც ასევე მოიცავს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე დეზინფორმაციის გავრცელებას, ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან აშორებს.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის, დაუბრუნდეს დემოკრატიის და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის გზას კანონის [უცხოეთის აგენტების] გაუქმებით და სხვა პრობლემური კანონებისა და დეზინფორმაციული ნარატივების შეწყვეტით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით და საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის დაშვებით.

ეს ქმედებები კავშირში იქნება აშშ-სგან, როგორც დემოკრატიული პარტნიორისგან, მხარდაჭერის მიღებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩვენი ორმხრივი კავშირები გამორჩეულად რთულ ვითარებაშია, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფების მიმართ აბსოლუტურად მდგრადია.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობისათვის სასარგებლო პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მედიის დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი საჭირო და დამატებითი ქმედება“ - განაცხადა პატელმა

კონტექსტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი: “23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტი-დემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე. ამ გადახედვის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას, რომელიც განკუთვნილი იყო უშუალოდ საქართველოს მთავრობისთვის" 

 

 

მსგავსი სიახლეები