ბლინკენი: აშშ აჩერებს საქართველოს მთავრობის $95 მილიონიან დახმარებას
“23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტი-დემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე. ამ გადახედვის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას, რომელიც განკუთვნილი იყო უშუალოდ საქართველოს მთავრობისთვის.
საქართველოს მთავრობის ანტი-დემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუსაბამოა ევროკავშირისა და NATO-ს სტანდარტებთან.
საქართველოს მთავრობის პირდაპირი ფინანსური დახმარების შეჩერების პარალელურად, შეერთებული შტატები განაგრძობს დახმარების პროგრამების და აქტივობების მხარდაჭერას, რომელიც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.
ჩვენი ორი ქვეყნისა და ხალხების 32 წლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა საქართელოს 6.2 მილიარდ დოლარის ღირებულების ფინანსური დახმარება გაუწია, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში.
ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებას, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადამზადდა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პერსონალი.
ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგული” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.