რას აჩერებს გერმანია "ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხოდ

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ე.წ. რუსული კანონისა და მკვეთრად გახშირებული ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, გრძელდება საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადადგმა.

10 ივლისს, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა საკვირველად შეცვლილია და მათ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეიცვალა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკაც საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ელჩის მიხედვით, ის არასოდეს ყოფილა პოლიტიკის რიტორიკის ასეთი კარდინალური ცვლილების მომსწრე.

„მე მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ. არის ზოგი ობიექტური ფაქტი, რომლის ჩამოთვლაც არ არის სავალდებულო, მაგრამ გამჭვირვალობის კანონი მკაფიოდ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს... საკანონმდებლო აქტები ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობასთან დიდად თანხვედრაში არ მოდის... თუ მთავრობა აირჩევს ამ მიუღებელ რიტორიკას, ურთიერთობები შეიცვლება... პლუს არის რიტორიკა. როგორღაც გერმანია, ევროკავშირი, აშშ-ც კი საუკეთესო მეგობრებიდან, ძლიერი მხარდამჭერებიდან, 30 წლის განმავლობაში განგრძობითად ფანტასტიკური პარტნიორობიდან, როგორღაც, ძალიან გასაკვირად ახლა ვართ საშიშები, ზოგჯერ გვიწოდებენ ფაშისტებს, ტერორისტებს, მსგავსი რიტორიკა არ არგებს პარტნიორობას“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

გერმანიის ელჩის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებენ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. მიმდინარე პორტფოლიოსაც მიმოვიხილავთ. საჭიროა განმეორება, რომ დახმარება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ, ზუსტი რიცხვები არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით 10-15%-ია, რაც არ მიემართება სახელმწიფოს" - განაცხადა ელჩმა.

პეტერ შიფერის თანახმად, გერმანელმა სამხედროებმა უარი განაცხადეს მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში (Noble Partner) მონაწილეობაზე.

"ასევე, გერმანელმა სამხედროებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმეს, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია. გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო“, - თქვა ელჩმა ფიშერმა.

გამოცემა BM-ის მიხედვით, 1992 წლიდან დღემდე, გერმანიის მთავრობას საქართველოს ფინანსური დახმარებისთვის 1.5 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.

11 ივლისს, საქართველოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უზრა ზეიაც ეწვია.

უზრა ზეიამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

„გამარჯობა! ჩამოვფრინდი თბილისში, რათა ხაზი გავუსვათ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ხალხისადმი, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლების და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ“ - წერს სოციალურ ქსელ X-ზე ამერიკელი დიპლომატი.

11 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს შეხვდა. დარჩიავილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და რომ საქართველო ერთგულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის.

"ძალიან საინტერესო აზრთა მიმოცვლა მქონდა ჯონ ბასთან. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და პრინციპები აქვთ, მე ხაზი გავუსვი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ და გამოვთქვი მზადყოფნა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის" - წერს დარჩიაშვილი.

დარჩიაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა თავად ჯონ ბასი და ამბობს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს თავისი მომავალი.

„დავუდასტურე ილია დარჩიაშვილს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ხალხის უფლებას, აირჩიოს თავისი მომავალი, მათ შორის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების საშუალებით. საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია მისი ხალხის უნარზე, თავისუფლად ილაპარაკოს, მშვიდობიანად შეიკრიბოს და აირჩიოს თავისი ლიდერები“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი X-ზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები “ღირსეული პარტნიორი” და ევროკავშირის მიერ თავდაცვის სფეროს ფინანსური დახმარება. ჩიქოვანის თქმით, ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ აშშ გადაწყვეტილებას შეცვლის და სამხედრო წვრთნები ჩატარდება.

"ეს ჩვენთვის საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული შედეგი. შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის' – ამბობს ჩიქოვანი.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხიც, სავარაუდოდ, გადაიხედება.

"რაც შეეხება ევროპის მშვიდობის ფონდიდან რესურსების გაყინვას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება. ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა ძირითადად არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას" – თქვა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრი NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე მიღებულ დეკლარაციასაც ეხმაურება და ამბობს, რომ დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს.

“მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, რომელსაც სჯერა, რომ ნატო გაფართოვდება. ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეშიც, ჩანაწერი, რომელიც არაერთხელ ყოფილა აქამდე, ჩანაწერი, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ყველაფერი თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ, სოციალურ X-ზე წერს, რომ MEGOBARI აქტს დიდი ალბათობით მიიღებენ. "საქართველოს სანქციების კანონპროექტი (ასევე ცნობილი როგორც MEGOBARI აქტი) წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე კარგად წარდგა.

“დიდი ალბათობით მას კომიტეტი მიიღებს," - მეუბნებიან წყაროები კონგრესიდან." – წერს რაუფოღლუ. "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას. ის ინიციირებულია კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ.

კონტექსტი

9 ივლისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ EU-მა, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩარა. ჰერჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია.

5 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაგეგმილი ყოველწლიური, მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები “ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი დროით გადადო.

 

მსგავსი სიახლეები