სამხრეთ კორეამ პირველად განაცხადა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შანსზე

სეულმა შესაძლოა გადახედოს პოზიციას უკრაინისთვის შეიარაღების არმიწოდებასთან დაკავშირებით. 

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა Reuters-ისთვის აშშ-ში გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. 

იუნ სოკ იოლის თქმით, სეულის მიდგომა შესაძლოა შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ განხორციელდება მასშტაბური დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ამ დრომდე კორეა უკრაინას სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა, სეული უკრაინას ამარაგებს ჯავშანჟილეტებით და ჩაფხუტებით, თუმცა ამ დრომდე უარს ამბობს ლეტალური შეიარაღების მიწოდებაზე. 

იუნ სოკ იოლის თქმით, სეულში აქტიურად მსჯელობენ თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას თავდაცვასა და ქვეყნის აღდგენაში. 

"თუ კი შეიქმნება ისეთი ვითარება, რომელზეც საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ დახუჭავს თვას, მაგალითად ნებისმიერი მსხვილმასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ან ომის წესების სერიოზული დარღვევა - ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება შემოვიფარგლოთ მხოლოდ ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით",- განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა. 

კონტექსტი 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეის ლიდერმა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემის შანსებზე საუბრობს. 

სამხრეთ კორეა ცნობილია როგორც საარტილერიო ჭურვების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი. სწორედ საარტილერიო ჭურვების სერიოზულ დანაკლის განიცდის უკრაინა, პარტნიორების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად სეული ამ დრომდე გაურბოდა ამ ნაბიჯს. სეული არ სურდა დაძაბულობა რუსეთთან სადაც უმსხვილესი კორეული კორპორაციები ფლობენ მსხვილ აქტივებს.

სამხრეთ კორეაში ფიქრობენ, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შემდეგ მოსკოვი კიდევ უფრო გააღრმავებს სამხედრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან. 

გასული წლის შემოდგომაზე Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სეული დათანხმდა 100 ათასი საარტილერიო ჭურვის მიყიდვას აშშ-სთვის, რომელიც მოგვიანებით უკრაინის განკარგულებაში აღმოჩნდა. 

რამდენიმე დღის წინ კორეული გაზეთი DongA Ilbo საკუთარ წყაროებზე წერდა, რომ სეულსა და ვაშინგტონს შორის კიდევ ერთი შეთანხმება შედგა, ამჯერად 500 ათასს ჭურვზე. წყაროების ცნობით ეს აშშ-ს მისცემს უფრო მეტ მოქნილობას უკრაინის სამხედრო დახმარების კონტექსტში. 

გარდა ამისა, მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სეული დათანხმდა მესამე ქვეყნების მიერ კორეულ შასიზე დაფუძნებული KRAB-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სეულმა ოფიციალურად დაადასტურა კორეული მაკოპლექტებლებისგან შემდგარი შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემა. 

მსგავსი სიახლეები