"სამხრეთის შუბი" - აშშ კარიბის ზღვაში კარტელების წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს

აშშ კარიბის ზღვის აუზში ნარკოკარტელების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციას იწყებს.

ვითარების არსი: ინფორმაციას პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი ავრცელებს.

  • "ეს მისია ჩვენს სამშობლოს დაიცავს, მოაშორებს ნარკოტერორისტებს ჩვენი ნახევარსფეროდან და ქვეყნის ნარკოტიკებისგან დაცვას უზრუნველყოფს. დასავლეთ ნახევარსფერო ჩვენი სამეზობლოა და ჩვენ მას დავიცავთ". - განაცხადა ჰეგსეთმა.
  • ოპერაციის სახელია "სამხრეთის შუბი" (Southern Spear). პენტაგონის ხელმძღვანელს ოპერაციის დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

ჩაშლილად: რამდენიმე დღეში აშშ-ს შეიარაღებაზე არსებული ყველაზე თანამედროვე და მძლავრი ავიამზიდი Gerald Ford ვენესუელის ნაპირს მიუახლოვდება. ის შეუერთდება კარიბის ზღვაში მოცურავე სხვა სამხედრო ამერიკულ გემებს და ატომურ წყალქვეშა ნავს. ეს არის აშშ-ს ყველაზე მსხვილი სამხედრო მობილიზაცია კარიბის ზღვაში 1989 წლის შემდეგ, იმ პერიოდში აშშ პანამაში შეიჭრა.

  • დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელას ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ არაეფექტურ ბრძოლაში ადანაშაულებს. 2025 წლის სექტემბრიდან აშშ-მ ვენესუელის დროშის ქვეშ მოცურავე მცირე ზომის გემებზე იერიშების მიტანა დაიწყო. 

  • სექტემბრის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ტერიტორიაზე არსებულ ნარკოკარტელებზე იერიშს არ გამორიცხავს.

  • გამოცემა The New York Times-ის სტატიის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია გამოიმუშავა რამდენიმე გეგმა. ერთ-ერთი ვენესუელის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმ SEAL Team 6-ის ან Delta-ს შეჭრას და ნიკოლას მადუროს ლიკვიდაციას გულისხმობს.

ფართო ხედით: ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ აშშ-ს ქმედებებს "მტრული ალყა" უწოდა და ვაშინგტონს "ვენესუელის ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლაზე" უარის თქმისკენ მოუწოდა.

  • 12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ვენესუელის შეიარაღებულმა ძალებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.

  • ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პედრო ლოპესმა განაცხადა, რომ იწყება მასშტაბური წვრთნა, რომელშიც საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები