სანდუ გამოეხმაურა რუსეთის განცხადებას მოლდოვის "არამეგობრული ნაბიჯის" შესახებ
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებებს უპასუხა, რომ მოლდოვამ კიშინოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებით "არამეგობრული ნაბიჯი" გადადგა.
ამის შესახებ მან TV Nord-ს განუცხადა.
სანდუს თქმით, ის "დარწმუნებულია, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი საკმარისია ხარისხიანი მომსახურების გაწევისთვის."
"ზოგადად, ჩვენი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და კლავს უდანაშაულო ადამიანებს, ანადგურებს ქალაქებსა და სოფლებს უკრაინაში," - განაცხადა სანდუმ.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ოფიციალური კიშინოვის ეს არამეგობრული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს."
26 ივლისს მოლდოვამ გამოაცხადა გადაწყვეტილება კიშინიოვში რუსეთის საელჩოს 45 თანამშრომლის გაძევების შესახებ.
ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც საგამოძიებო მასალა გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანდა, რომ კიშინოვში რუსეთის საელჩოს სახურავზე 28 ანტენა და სატელიტური თეფშია, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მოლდოვის ხელისუფლების თვალთვალისთვის იყენებენ.