საპრეზიდენტო არჩევნები ირანში - ვინ არიან კანდიდატები

ხვალ, 18 ივნისს, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ირანის კომპლექსური, თეოკრატიული სახელმწიფო მოწყობის პირობებში პრეზიდენტის პოსტი ყველაზე მაღალი პირდაპირი წესით არჩევადი თანამდებობაა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს, ექსპერტთა საბჭოსთან და ირანის უმაღლესი ლიდერთან შედარებით გაცილებით მოკრძალებული ძალაუფლება აქვს, საპრეზიდენტო არჩევნები მაინც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. 

სწორედ ამ არჩევნების შედეგები იყო წლების განმავლობაში ინდიკატორი თუ ვინ ფლობდა ირანის მოსახლეობის კეთილგანწყობას - ე.წ. რეფორმატორები თუ მკაცრი ხაზის მიმდევარი კონსერვატორები. რეფორმატორულ პოლიტიკურ ძალებად ირანში გულისხმობენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დასავლეთთან მოლაპარაკებების და კონფრონტაციის შემცირების მომხრეები არიან. 

კონსერვატორებად და მკაცრი ხაზის მიმდევრებად კი უმეტესად მოიაზრებენ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვლიან, რომ ირანი დასავლეთთან და კერძოდ აშშ-სთან არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდეს. როგორც წესი ამ შეხედულებების პოლიტიკოსების უმრავლესობა ახლო კავშირშია ძლევამოსილ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან ან ირანის უმაღლესი ლიდერის აპარატთან. 

წინა წლების მსგავსად ამჯერადაც მოსალოდნელი იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნებოდა ტესტი საზოგადოების კეთილგანწყობის გასაგებად, თუმცა წელს განსხვავებული სურათია. საქმე ის არის, რომ ამჯერად ირანის რეალურმა მმართველებმა უარი თქვეს კომპრომისზე - ირანის კონსტიტუციის გუშაგთა საბჭო, 600-ზე მეტი მსურველიდან სულ 7 კანდიდატი დაამტკიცა. 

ირანში არჩევნების მოგებაზე რთული კანდიდატად დარეგისტრირებაა ამის მიზეზი კი სწორედ კონსტიტუციის გუშაგთა საბჭოა. კონსტიტუციის გუშაგთა საბჭო სულ 12 წევრისგან შედგება, აქედან 6 წევრს პირდაპირი წესით ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი ნიშნავს, მეორე ნახევარს კი ქვეყნის პარლამენტი, მეჯლისი ირჩევს. აქედან გამომდინარე ცხადია კონსტიტუციის გუშაგთა საბჭო მიკერძოებულია კონსერვატორებთან მიმართებით და მათი გავლენის ინსტრუმენტს წარმოადგენს. 

სწორედ კონსტიტუციის გუშაგთა საბჭო იღებს გადაწყვეტილებას თუ ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამა თუ იმ არჩევნებში და ამგვარად არასასურველი ან რეჟიმისთვის სახიფო კანდიდატების ჩახსნა საწყის ეტაპზევე ხდება. ეს წინა წლებშიც ასე ხდებოდა, თუმცა ლეგიტიმურობის მინიმალური ზღვარის შესანარჩუნებლად საბჭო თანხმობას აძლევდა ე.წ. რეფორმატორების ფლანგის ერთ რეალურ კანდიდატს. 

ამჯერად საბჭომ უარი თქვა დაეკმაყოფილებინა რეფორმატორული ფლანგის კანდიდატები, რომელთაც წარმატების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ. რეფორმატორთა ფლანგის წარმომადგენლად მოაზრებული ჰასან როუჰანის ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, საბჭომ ყველაფერი გააკეთა, რომ მათი ფავორიტის, ებრაჰიმ რაისის გამარჯვება გაენაღდებინათ. 

საპრეზიდენტო კანდიდატობაზე საბჭომ უარი უთხრა ალი ლარიჯანისაც, რომელიც ოდესღაც კონსერვატორად მოიაზრებოდა და ორი მოწვევის პარლამენტში იკავებდა თავმჯდომარის პოსტს. დამტკიცებული კანდიდატების სიის საბოლოო ვერსიის გამოცხადების შემდეგ, სიამ უმაღლესი ლიდერის აიათოლა ალი ხამინეის მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, აქედან რამდენიმე დღეში ალი ხამინეიმ საბჭოს პროცესის დროს გამოვლენილ გადაცდომებზე მიუთითა და მოუწოდა გადაეხადათ თავისი გადაწყვეტილებისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ ხაიმეინის არ დაუკონკრეტებია, თუ რომელიც კანდიდატის ჩახსნით იყო უკმაყოფილო სავარაუდოა, რომ ის სწორედ ლარიჯანის ჩახსნას გულისხმობდა. ალი ლარიჯანი წლების განმავლობაში ირანის უმაღლესი ლიდერის უახლოესი გარემოცვის წევრად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო წლებში მისი პოზიციები ბევრი საგარეო საკითხთის მიმართ შერბილდა და მას სულ უფრო მეტად მოიაზრებენ რეფორმატორული ბანაკის პოლიტიკოსად. 

სავარაუდოა, რომ ლარიჯანის მზარდ მხარდაჭერასთან ერთად, მისი შეცვლილი რიტორიკაც გახდა მისი კანდიდატურის ჩახსნის მიზეზიც. არაერთი მიმომხილველის აზრით, ლარიჯანის გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდა. ალი ხამინეის პოზიციის მიუხედავად, გუშაგთა საბჭომ იმავე დღეს გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც განმარტეს, რომ არ აპირებდნენ დამტკიცებულ კანდიდატთა სიის გადახედვას. ეს საკმაოდ იშვიათი და მეტად უცნაური იყო, რადგანაც ირანის კონსტიტუციის მიხედვით სწორედ ირანის უმაღლეს სულიერ ლიდერს ეკუთვნის ბოლო სიტყვა ყველა სახელმწიფოებრივ საკითხში, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. 

არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ ირანის ყოფილ პრეზიდენტს, მაჰმუდ აჰმადინეჯადს და ირანის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, ეშაქ ჯაჰანგირისაც. აქედან გამომდინარე ირანის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი შეიძლება ითქვას წინასწარ განსაზღვრულია და გამარჯვებული წინასწარაა ცნობილი. 

საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებების გამო არჩევნებზე რეალური კონკურენციას ადგილი არ ექნება, ამ და სხვა ფაქტორების გამო მოსალოდნელია, რომ არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა გამოვლინდება. ბოლო გამოკითხვების მიხედვით ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მოსახლეობის 34% აპირებს, ამ ხალხის არჩევანი შემდეგნაირად გამოიყურება:

ებრაჰიმ რაისი - ულტრა-კონსერვატორი ფავორიტი

60 წლის ებრაჰიმ რაისი, 2019 წლის გაზაფხულიდან ირანის იუსტიციის უწყებას ხელმძღვანელობას. ირანის უმაღლესი ლიდერის მიმართ უკიდურესად ლოიალური სასულიერო პირი, რაისი გასულ წლებში ირანის რამდენიმე მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებას ხელმძღვანელობდა, მათ შორის ირანის გენერალურ პროკურატურასაც. 

რეჟიმის ისლამისტური იდეოლოგიის და ლიდერების მიმართ ერთგულება ებრაჰიმ რაისიმ 2016-2019 წლებში გამოავლინა, როდესაც ის ძლევამოსილი რელიგიურ საქველმოქმედო ორგანიზაცია Astan Quds Razavi-ს ხელმძღვანელობდა. ფონდში მუშაობის წლებში რაისი განაგებდა გადასახადებისგან და სახელმწიფო ზედამხედველობისგან თავისუფალ მილიარდობით დოლარს, რომელსაც ფონდი შემოწირულობების სახით იღებდა.

რაისის გამონათქვამებიდან და პოზიციებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, მან მხარი დაუჭიროს ირანის ეკონომიკის გახსნას უცხოური ინვესტიციებისთვის და შეამციროს სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში, რომელიც უკვე წლებია ღრმა რეცესიის ფაზაშია. 

ეკონომიკასთან ერთად რაისი მკაცრი კონსერვატორული ხაზის მიმდევარია სოციალურ საკითხებშიც, მოსალოდნელია, რომ ამ მიმართულებით რაისი ტრადიციონალისტურ ხაზს დაიკავებს და შეეცდება მინიმუმამდე შეამციროს დასავლეთის კულტურული გავლენა ირანის საზოგადოებაზე. 

ყველაფერთან ერთად, ებრაჰიმ რაისის სახელს უკავშირდება ასობით პოლიტიკური პატიმრის სიკვდილით დასჯაც. რაისი იმ მოსამართლეთა კოლეგიის წევრი იყო, რომელმაც 1988 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა რეჟიმის ასობით პოლიტიკურ ოპონენტს. 

უნდა ითქვას, რომ ეს რაისისთვის არ არის პირველი არჩევნები - 2017 წელს საპრეზიდენტო რბოლაში იგი მოქმედ პრეზიდენტ როუჰანისთან დამარცხდა. ოთხი წლის წინანდელი დამარცხების მიუხედავად ამჯერად ებრაჰიმ რაისის წარმატების ყველა შანსი აქვს, ირანის პოლიტიკის ბევრი მიმომხილველი მას არამხოლოდ მომავალ პრეზიდენტად, არამედ ირანის მომავალ უმაღლეს ლიდერადაც განიხილავენ. 

ბევრი კომენტატორის აზრით, სწორედ ებრაჰიმ რაისის აქვს ყველაზე მეტი შანსი გახდეს ქვეყნის ახალი უმაღლესი ლიდერი, მას შემდეგ რაც 81 წლის აიათოლა ალი ხამინეი გარდაიცვლება. ამ შეხედულებების კომენტატორებს ზურგს უმაგრებს ისიც, რომ თავის დროზე ამჟამინდელი სულიერი ლიდერიც ჯერ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო აიათოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ კი ქვეყნის უმაღლესი სულიერი ლიდერი გახდა. 

საიდ ჯალილი - გამოცდილი მომლაპარაკებელი

საიდ ჯალილი თეირანის ძალაუფლების კორიდორების გამოცდილი და თავშეკავებული წევრია. ბევრი მიმომხილველის აზრით, ჯალილი უფრო მეტადაცაა დაახლოებული ალი ხამინეისთან, ვიდრე ებრაჰიმ რაისი. ორივე მათგანი - რაისიც და ჯალილიც იზიარებენ შეხედულებებს ირანის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი ტრადიციონალისტურ კონსერვატორული ბანაკის წევრია და მათი აზრი ბევრ საკითხში იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ მისი თქმით, იგი გვერდზე გადგებოდა თუ ებრაჰიმ რაისი გადაწყვეტდა კენჭისყრას. 

ჯალილი ირან-ერაყის უსასტიკესი ომის ვეტერანია - რომელმაც მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ირანული საზოგადოების შეხედულებებზე. საიდ ჯალილიმ ერაყთან ომის დროს მარჯვენა ფეხი დაკარგა, სწორედ მის სამხედრო გამოცდილებაზე აპელირებდნენ მისი მომხრეები 2013 წელს, როდესაც ჯალილიმ პირველად მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. 

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვამდე საიდ ჯალილი ირანის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობ პოლიტიკოსად რჩებოდა, თუმცა მას კარგად იცნობდნენ დასავლელი დიპლომატები - სწორედ საიდ ჯალილი ხელმძღვანელობდა ირანის მომლაპარაკებელთა გუნდს, რომელიც დასავლეთთან ბირთვულ შეთანხმებაზე მუშაობდა. 

დასავლელი დიპლომატები ჯალილის ახასიათებენ როგორც შეურიგებელ და მრისხანე მომლაპარაკებელს.

მოჰსენ რეზაი - ყოფილი მთავარი გუშაგი

მოჰსენ რეზაი ამჟამად ირანის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს, ეს უწყება ირანის უმაღლესი ლიდერის საკონსულტაციო საბჭოს წარმოადგენს. ეს მოჰსენ რეზაისთვის მეოთხე საპრეზიდენტო არჩევნებია - იგი უშანსოდ დამარცხდა 2005, 2009 და 2013 წლის არჩევნებზე, მას ბევრი პოლიტიკური მიმომხილველები მარადმწვანე კანდიდატსაც უწოდებენ. ირანში ხუმრობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოჰსენ რეზაის გარეშე იგივეა, რაც ირანული ქაბაბი ხახვის გარეშე. 

მოჰსენ რეზაი წლების განმავლობაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს მეთაურობდა, უწყებას, რომლის მთავარი ფუნქციაც დაარსების დღიდან ირანის თეოკრატიული რეჟიმის დაცვაა. მოჰსენ რეზაი ერთადერთი სამხედრო პირია, რომელსაც ამ არჩევნებზე მონაწილეობის საშუალება მისცეს. 

რეზაი ულტრა-კონსერვატორული ბანაკის წევრად მიიჩნევა, თუმცა პოლიტიკური მიმომხილველები ხშირად ამბობენ, რომ ამ ბანაკის სხვა წევრებთან შედარებით რეზაის გაცილებით უფრო ზომიერი და ნაკლებად ექსტრემისტული პოზიციები აქვს. 

უნდა ითქვას, რომ ერაყ-ირანის ომის დროს მოჰსენ რეზაი თეირანის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1990-იან წლებში გუშაგთა კორპუსის მეთაურის რანგში მან შეძლო კორპუსის წარმატებული ჩართვა ირანის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. რეზაის წყალობით გუშაგთა კორპუსის მიერ დაარსებულმა და კონტროლირებადმა კომპანიებმა მრავალმილიონიანი სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს და კონტროლს დაუქვემდებარეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორები. შედეგად ორგანიზაცია არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც ძლევამოსილ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. 

ქვეყანაში შექმნილი ურთულესი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე რეზაის ეკონომიკური განათლება ამ არჩევნებზე შესაძლოა მისი მთავარი აქტივი იყოს, მაგრამ იგი მაინც კოჭლ კანდიდატად მოიაზრება. 

ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ ინტერპოლს გაცემული აქვს, მოჰსენ რეზაის დაპატიმრების ორდერი. მიჩნეულია, რომ სწორედ რეზაი იყო 1994 წელს გუშაგთა კორპუსის მიერ ორგანიზებული ბუენოს-აირესში ებრაულ ცენტრზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორი, რომელსაც 85 ადამიანი ემსხვერპლა.

 აბდოლნასერ ჰემათი - ტექნოკრატი 

აბდოლნასერ ჰემათი 2018-2021 წლებში ირანის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. აბდოლნასერ ჰემათი კარიერის დასაწყისში რამდენიმე ბანკს ხელმძღვანელობდა, მიჩნეულია, რომ იგი ყველაზე კარგად იცნობს ირანის ეკონომიკის პრობლემებს და სხვა კანდიდატებთან შედარებით საუკეთესოდ შეუძლია მათი გადაწყვეტა. 

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობისას ჰემათი ხშირად გამხდარა კონსერვატორული ბანაკის წარმომადგენლების თავდასხმის ობიექტი. მას ხშირად ადანაშაულებდნენ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისში და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში. მისი მოწინააღმდეგეები ხშირად უწოდებდნენ "სუსტ როუჰანისაც".

ამ თავდასხმების მიუხედავად, მიმდინარე არჩევნებზე ე.წ. რეფორმატორებისა და ტექნოკრატების ფლანგის პრაქტიკულად ერთადერთი კანდიდატია. ჰემათის რეალურად შეუძლია მოიპოვოს შედარებით ლიბერალურად განწყობილი ურბანული ცენტრების მოსახლეობის ხმები. 

ამასთან ცნობილია, რომ ჰემათის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს ქვეყნის ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოკრატად მიჩნეულ ჯავად ზარიფთან. მეტიც, ჰემათის თქმით მისი გამარჯვების შემთხვევაში იგი თანამდებობაზე დატოვებს ჯავად ზარიფს

ჰემათი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა 2019 წლის შემოდგომაზე ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს. ეკონომიკური კრიზისით, მაღალი ინფლაციით და საწვავზე ფასის ზრდით უკმაყოფილო ათი ათასობით ირანელი შექმნილი მდგომარეობის გასაპროტესტებლად გამოვიდა. 

საპროტესტო აქციებს რეჟიმმა უხეში ძალით უპასუხა, დარბევების შედეგად რამდენიმე ათასი ირანელი დაიღუპა. საპროტესტო აქციების დარბევისას ჰემათიმ მკაცრად დაგმო სახელმწიფოს რეაქცია და მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობაში დამნაშავე სახელმწიფო თანამდებობის პირების სამართლიან დასჯაზე საუბრობდა. 

ალირეზა ზაქანი - დეპუტატი წმინდა ქალაქიდან

ალირეზა ზაქანი საიდ ჯალილისა და ებრაჰიმ რაისის მსგავსად ულტრა-კონსერვატორული ბანაკის წევრად მოიაზრება. მოქმედ მეჯლისში ზაქანი შიიტური ისლამის წმინდა ქალაქისა და შიიზმის მთავარი სასულიერო ცენტრის, ქალაქ ყომის დეპუტატია. ზაქანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი წარსულშიც ჰქონდა - 2005 და 2009 წელს მისი კანდიდატურა კონსტიტუციის გუშაგთა საბჭომ არ დაამტკიცა. 

ყველაფერთან ერთად, ზაქანი თავის გავლენიან ულტრა-კონსერვატორულ ონლაინ მედიას ფლობს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა 2015 წელს როუჰანის მთავრობის მიერ დასავლეთთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას. 

ზაქანი ხშირად აკრიტიკებს ბირთვული შეთანხმების მომლაპარაკებელთა გუნდს და მას გაცილებით უფრო მკაცრი პოზიციები აქვს. როგორც ტრადიციონალისტი და ყომის დეპუტატი იგი მკაცრი კონსერვატორული ხაზის მიმდევარია, როგორც პოლიტიკურ, ასევე, სოციალურ საკითხებში. ზაქანი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ირანის უმაღლესი ლიდერის თანხმობა სჭირდება. 

მოჰსენ მეჰრალიზადე - ძველი რეფორმატორი

აბდოლნასერ ჰემათისთან ერთად მეჰრალიზადე არჩევნებში მონაწილე მეორე და უკანასკნელი რეფორმატორი კანდიდატია. მეჰრალიზადე ფართო საზოგადოებრივი ცნობადობა ყოფილ პრეზიდენტთან მოჰამად ჰათამის ვიცე-პრეზიდენტის რანგში მოიპოვა. 

წინასაარჩევნო კამპანიაში მეჰრალიზადე ჰათამის რიტორიკა გააგრძელა და ხშირად საუბრობს ადამიანის უფლებებზე და რეფორმების აუცილებლობაზე. საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატებისას მეჰრალიზადემ მკაცრად გააკრიტიკა ებრაჰიმ რაისი და ხაზი გაუსვა მის როლს რეჟიმის ოპონენტების მასობრივ მკვლელობაში. 

მეჰრალიზადე ცნობილია ქალთა უფლებების ადვოკატად, წლების განმავლობაში იგი ეწინააღმდეგება ქალთა უფლებების შეზღუდვას და მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მისი კაბინეტის მნიშვნელოვან ნაწილს ქალი პოლიტიკოსებით დააკომპლექტებს. 

სხვა კანდიდატების მსგავსად მეჰრალიზადე არჩევნებში მონაწილეობას წარსულშიც ცდილობდა, მათ შორის 2005 წელს მისი კანდიდატურა კონსტიტუციის გუშაგთა საბჭომ ალი ხამინეის პირდაპირი ჩარევის შემდეგ დაბლოკა. 

არაერთი წინასაარჩევნო დარღვევის მიუხედავად, მეჰრალიზადეც და ჰემათიც მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. სწორედ ამ ორ კანდიდატს აქვს ყველაზე მეტი შანსი ირანის ლიბერალურად განწყობილი მოქალაქეების ხმები მიიღონ. 

ამირ-ჰოსეინ-ღაზიზადე-ჰაშემი - ყველაზე ახალგაზრდა ულტრა-კონსერვატორი

მკაცრი ხაზის მიმდევარი ჰაშემი ქვეყნის მოქმედ მეჯლისში შიიტური ისლამისთვის კიდევ ერთი წმინდა ქალაქის მაშადის დეპუტატია. აღსანიშნავია, რომ ჰაშემი პრეზიდენტობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია, რაც შეიძლება მისი მთავარი უპირატესობა იყოს. 

ღაზიზადე-ჰაშემი ყოფილი ქირურგი და ირანის ყოფილ პრეზიდენტთან, მაჰმუდ აჰმადინეჯადთან დაახლოებული ფუნდამენტალისტური პარტიის წევრია. მიუხედავად ნულოვანი გამოცდილებისა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ამბად ჰაშემიმ ეკონომიკური პრობლემის მოგვარება აქცია. 

ჰაშემის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში იგი "სამ დღეში მოაგვარებს ქვეყნის ეკონომიკის ყველა პრობლემას." ჰაშემიმ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მრავალი პოპულისტური დაპირება გასცა, რაც ძირითადად სახელმწიფოს მზრუნველი ფუნქციის გაძლიერებას, იაფ კრედიტებს და სხვა პოპულისტურ ზომებს მოიაზრებდა. 

 

მსგავსი სიახლეები