საქართველოს ელჩი ბუნდესტაგში აგენტების კანონის შესახებ სასაუბროდ დაიბარეს - წყარო

საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში ქართული ოცნების მიერ პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის შესახებ სასაუბროდ დაიბარეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის სტრუქტურებში რედაქციის წყარო გვაწვდის. ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება და მთავარი თემა ბოლო კვირებში საქართველოში განვითარებული მოვლენები იქნება. 

კონტექსტი 

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2020 წელს დაინიშნა - გასულ წლებში იზორია იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის 2016-2019 წლებში იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს. გერმანიაში გამგზავრებამდე იზორია ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურს. 

ქართული ოცნების მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ხელახალ ინიცირებას საქართველოს მოკავშირე ქვეყნების მთავრობების მხრიდან საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვა. 

გამონაკლისი არც გერმანიის მთავრობა იყო - 12 აპრილს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კანცლერმა შოლცმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა არ მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. 

"დიდი იმედი გვაქვს, საქართველო ამ ცვლილებებს არ მიიღებს და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“, - განაცხადა ფედერალურმა კანცლერმა. 

შოლცმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ ევროკავშირში ანალოგიური კანონის შესახებ დასმულ კითხვასაც - "ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ გვაქვს",- განაცხადა კანცლერმა. 

17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დედაქალაქში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. კანონპროექტის მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა. 

პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე პროექტის კანონად ქცევისთვის საჭიროა 3 მოსმენა პლენალურ სხდომაზე, რასაც დაახლოებით 5 კვირა დასჭირდება. 

უკვე ცნობილია, რომ კანონს ვეტოს დაადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები