სასამართლომ მედვედჩუკის ქონება დააყადაღა, რომელსაც რუსეთიდან აკონტროლებდნენ

სასამართლომ პრო-რუსი ოლიგარქის, უკრაინის სახალხო დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს ქონება დააყადაღა, რომელსაც რუსეთიდან აკონტროლებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია 22 ივლისს Telegram-ზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრმა გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დააყადაღა:

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კორპორატიული უფლებები საწესდებო კაპიტალით 38 მილიონი გრივნა;
  • საბანკო ანგარიშები 1.3 მილიონი გრივნა;
  • ორი მიწის ნაკვეთი 3 ჰა და 5 ჰა ფართობით;
  • ორი სასტუმრო კომპლექსი, რომლის ფართობიც 4.5 ათასი მ² და 2.4 ათასი მ²-ია.

"ამ აქტივების ბენეფიციარი მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქე ვიქტორ მედვედჩუკი და მისი მეუღლე ოქსანა მარჩენკო", - ნათქვამია განცხადებაში.

ქონება დაყადაღებულია უკრაინაში ანტიუკრაინული საქმიანობის დაფინანსების მიზნით რუსული ფულის ლეგალიზაციის თაობაზე საქმის წარმოების ფარგლებში. სახსრების ლეგალიზაცია მოხდა სქემით, რომლის ერთ-ერთი ბმული არის კომპანია უკრაინაში, რეგისტრირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის სახელზე (მისი სახელი არ არის მითითებული).

თანხები რუსული ბანკების ანგარიშებიდან გადაირიცხა ამ შპს-ის ანგარიშებზე.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა პრო-რუსი პოლიტიკოსი 12 აპრილს დააკავეს.

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და პრო-რუსული პარტიის, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერია. 2002-2005 წლებში ის პრეზიდენტ კუჩმას ადმინისტრაციის უფროსი იყო. სწორედ ამ პერიოდში დაუმეგობრდა უკრაინელი ოლიგარქი ვლადიმირ პუტინს, რომელიც მისი შვილის ნათლიაა.

მსგავსი სიახლეები