სასამართლომ როჯერ უოტერსს ფრანკფურტში სიმღერის უფლება მისცა
მუსიკოს როჯერ უოტერსს მაინის ფრანკფურტში სიმღერის უფლება მისცეს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის წინააღმდეგ სარჩელის განხილვის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
კონცერტი 28 მაისს არის დაგეგმილი და Festhalle-ის საკონცერტო დარბაზში უნდა ჩატარდეს. ჯერ კიდევ თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ჰესეს ფედერალურ მიწას როჯერ უოტერსის კონცერტის გაუქმება სურდა.
გერმანელმა პოლიტიკოსებმა ბრიტანელი მუსიკოსი ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. 79 წლის მუსიკოსმა ფრანკფურტი ხელოვნების თავისუფლებაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, გერმანიის სასამართლომ მუსიკოსის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.
"როჯერ უოტერსი სიამოვნებით გამოვა ფრანკფურტში", - თქვა უოტერსის მენეჯერმა 24 აპრილს.
ფრანკფურტს და ჰესეს მიწას სურს, რომ მისი გამოსვლა Festhalle-ში გაუქმდეს. ამ დარბაზში, 1938 წლის 9-დან 10 ნოემბრის ჩათვლით, ე.წ. "ბროლის ღამის" შემდეგ, ნაცისტებმა იძულებით 3000-ზე მეტი ებრაელი შეკრიბეს, რომლებიც შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკებში გადაასახლეს. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ხელოვნების თავისუფლებაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ამ ადგილას კონცერტის ჩატარება არ შეურაცხყოფს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებოდნენ 1938 წლის საშინელი პოგრომების შემდეგ.
სასამართლომ იცის, რომ ბრიტანელი მუსიკოსი თავის კონერტებში იყენებს "საეჭვო" სიმბოლოებს, მაგრამ "ამის შეფასება სასამართლოს პასუხისმგებლობა არ არის." სასამართლოსთვის გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ უოტერსის გამოსვლების ფარგლებში არ ხდება ნაციონალ-სოციალისტების დანაშაულის უარყოფა და რომ მუსიკოსი არ იზიარებს "მესამე რაიხის" რასობრივ თეორიებს.
"გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ უოტერსი გამოსვლების დროს პროპაგანდისტულ მასალას იყენებს", - აღნიშნა სასამართლომ.
უოტერსი და ანტისემიტიზმი
პინკ ფლოიდის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დევიდ გილმორის ცოლი და ჯგუფის ორი უახლესი ალბომის ტექსტის ავტორი პოლი სამსონი აცხადებს, რომ უოტერსი ანტისემიტი და "პუტინის აპოლოგეტია."
2023 წლის თებერვალში Berliner Zeitung-თან ინტერვიუში უოტერსმა თქვა, რომ "ისრაელის ლობისტი აქტივისტები ცდილობდნენ გაეუქმებინათ მისი კონცერტები გერმანიაში და რომ "ებრაელები ახორციელებენ გენოციდს, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთი ახორციელებდა კოლონიურ პერიოდში... ჩვენ გვჯეროდა, რომ არსებითად აღმატებულები ვიყავით ძირძველ ხალხებზე, ისევე, როგორც ებრაელები აკეთებენ პალესტინაში."
ის ასევე მუდმივ მხარდაჭერას გამოხატავს ანტი-ისრაელური ბოიკოტის, განთავისუფლების, სანქციების (BDS) მოძრაობის მიმართ და აცხადებს, რომ კვლავ დაუკრავს მოსკოვში, "იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი არ არის აპარტეიდული სახელმწიფოს, რომელიც დაფუძნებულია მკვიდრი მოსახლეობის გენოციდზე."
ისრაელსა და ნაცისტურ გერმანიას შორის ხშირი შედარების გამო, უოტერსს დიდი ხანია ანტისემიტიზმში ადანაშაულებენ.
2017 წელს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა ბერლინსა და კიოლნში უოტერსის კონცერტების ტრანსლირება გააუქმეს "მის მიმართ ანტისემიტიზმის ბრალდებების გამო."