"სასწაული არ მოხდება"- ზალუჟნი სუვერენული საზღვრების ძალით აღდგენის შანსებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა და გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ უახლოეს პერსპექტივაში უკრაინას არ ძალუძს სამხედრო გზით 1991 წლის, სუვერენული საზღვრების აღდგენა, მისი თქმით, ამგვარი მოლოდინი "ნაივურია."

State Of Play: ამის შესახებ ვალერი ზალუჟნიმ "უსაფრთხოების ექსპორტის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩის ციტატებს უკრაინული მედია ავრცელებს. 

  • "იმედი მაქვს, დარბაზში არ არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც სასწაული, საოცრების, თეთრი გედის იმედი აქვთ, რომელიც 1991 წლის, ან თუნდაც 2022 წლის საზღვრებს მოიტანს, რის შემდეგაც დიდი ბედნიერება დაისადგურებს"- ამბობს ზალუჟნი. 

  • უკრაინული არმიის ყოფილი მთავარსარდალი ამბობს, რომ 2023 წლიდან რუსეთი ე.წ. გამოფიტვის ომზე" გადავიდა და ჯერჯერობით საკმარისი რესურსები აქვს მის გასაგრძელებლად. 

  • ზალუჟნის აზრით, უკრაინა "კატასტროფული ეკონომიკური ვითარებისა და ცოცხალი ძალის ნაკლებობის" ფონზე სტრატეგიული თავდაცვის ომზე უნდა გადაერთოს, რომელშიც მაქსიმალურად გაზრდილი იქნება უპილოტო სისტემების როლი და მინიმიზებული იქნება ცოცხალი ძალის საჭიროება. 

Big Picture: 25 აპრილს, ლონდონში გამართული უკრაინულ-ბრიტანული ტექნოლოგიური კონფერენციის მიმდინარეობისას ზალუჟნიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების 2023 წლის კამპანიას მიმდინარე კონფლიქტის გადამწყვეტი მომენტი უწოდა. 

  • "ერთ დილასაც, როდესაც უკრაინელი ჯარისკაცები თითო-ორი მეტრით იკვლევდნენ გზას მტრის თავდაცვით ზღუდეებში, ცაში გამოჩნდა იმ რაოდენობის დრონები, რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალა ბრძოლის არქიტექტურა"- თქვა ზალუჟნიმ, 

Сontext: სწორედ 2023 წლის საზაფხული კამპანიის შეჯამებას წარმოადგენდა იმავე წლის ნოემბერში ვალერი ზალუჟნის მიერ The Economist-ში გამოქვეყნებული სვეტიც.

  • ზალუჟნი წერდა, რომ დრონების პირობებში ბრძოლის ველი "სრულად გამჭვირვალე" გახდა, რაც შეუძლებელს ხდის ღრმა გარღვევისთვის საჭირო ძალების კონცენტრაციას და პრაქტიკულად ანულებს "მოულოდნელობის ეფექტის" შექმნის შანსს. 

 

მსგავსი სიახლეები