სენატორი უორნერი: უკრაინაში ATACMS-ები მომავალი კვირის ბოლომდე გაიგზავნება
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ უორნერი უშვებს, რომ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები უკრაინაში მომავალი კვირის ბოლომდე გაიგზავნება.
ამის შესახებ უორნერმა CBS News-ის ეთერში განაცხადა.
წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღებაზე კომენტირებისას სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ, იარაღი უკრაინაში მომავალი კვირის ბოლომდე გაეგზავნება.
"იმედი მაქვს, როგორც კი ეს (კანონპროექტი - რედ.) მიაღწევს პრეზიდენტამდე, სამშაბათს ან ოთხშაბათს, ATACMS-ების მიწოდება დაიწყება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ადმინისტრაცია მზად იყო ATACMS-ის მისაწოდებლად. ეს წერია ამ კანონში." - თქვა მან.
სენატორმა აღნიშნა, რომ უკრაინელების მოტივაცია შესანიშნავი იყო, მაგრამ ის მკვეთრად შემცირდა ბოლო ორი თვის განმავლობაში, როდესაც მათ ჭურვების საშინელი დეფიციტი ჰქონდათ და დღეში 8-10 ჭურვს ისროდნენ.
"უკრაინელების გამბედაობის და მონდომების დაუფასებლობა არ შეიძლება, მაგრამ თუ მათ არ ექნებათ ჭურვები, ვერ გაუძლებენ ამ ბრძოლას," - თქვა უორნერმა.
კონტექსტი
შაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინის საგარეო დახმარების კანონპროექტს.
95 მილიარდი დოლარის საკანონმდებლო პაკეტიდან 61 მილიარდი უკრაინის სამხედრო დახმარებაა, 17 მილიარდი - ისრაელის.
უკრაინის დახმარების თანხა შემდეგნაირად განაწილდება: $27 მილიარდი - პირდაპირი სამხედრო დახმარება; $23 მილიარდი - ამერიკის სამხედრო არსენალების შევსება; $7.8 მილიარდი - პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება; $1.8 მილიარდი - ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის.
აშშ-ის სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატი კანონპროექტს სამშაბათს, 23 აპრილს უყრის კენჭს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ პროექტს ხელს მოაწერს.