სენატში რესპუბლიკელების ლიდერი უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებას ითხოვს
აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებას ითხოვს.
ამის შესახებ მაკკონელმა ორშაბათს, კენტუკიში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.
"ეს არის მომენტი სწრაფი და გადამწყვეტი ქმედებებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი მსხვერპლი და დადგეს რეალური შედეგები იმ ტირანებისთვის, რომლებიც ატერორებენ უკრაინელ და ისრაელელ ხალხს." - აღნიშნა მაკკონელმა. "მტრები ყურადღებით დააკვირდებიან და დაელოდებიან ამერიკის შეფერხებას. მხოლოდ ჩვენს კონკრეტულ და საიმედო მხარდაჭერას შეუძლია შეაჩეროს ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგეები და აღადგინოს უსაფრთხოება."
მაკკონელმა ისრაელსა და უკრაინაზე აგრესია ერთმანეთს დაუკავშირა.
"იფიქრეთ მათზე, როგორც ბოროტების ღერძზე: ჩინეთი, რუსეთი და ირანი. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ტესტი უკრაინისთვის. ეს არის გამოცდა შეერთებული შტატებისა და თავისუფალი სამყაროსთვის. და გზა უფრო მეტი უსაფრთხოებისკენ ყველა ჩვენგანისთვის მარტივია: დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში," - თქვა სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა.
სენატორი ეწინააღმდეგება საკუთარი პარტიის წევრებს, რომლებიც არ უჭერდნენ მხარს უკრაინის შემდგომ დახმარებას.
"ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტების ხარჯზე ხდება. მაგრამ, ყოველთვის ვამბობ, როცა ამის საშუალება მეძლევა, ეს არასწორი დილებაა... თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ეჭვგარეშეა, რომ პუტინის იმპერიისადმი მადა ფაქტობრივად გავრცელდება ნატოზე, რაც გაზრდის ალიანსისთვის და ჩვენთვის ომის რისკს საფრთხეს," - თქვა მან.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა ცალკე კანონპროექტი წარადგინეს ისრაელის მხარდასაჭერად, მიუხედავად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 106 მილიარდი დოლარის მოთხოვნისა, რომელიც ისრაელისა და უკრაინის დახმარებას აერთიანებდა.