შმიგალი: პარიზის კონფერენციის შედეგად უკრაინა $1 მილიარდის დახმარებას მიიღებს
უკრაინამ, საერთაშორისო პარტნიორებისგან ზამთრის პერიოდის გასავლელად, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის დახმარება მოიზიდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ პარიზში გამართული საერთაშორისო კონფერენციის, "სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან" შედეგების შეჯამებისას განაცხადეს.
შმიგალმა აღნიშნა, რომ ამ თანხის ნახევარი არის გრანტები, მეორე ნახევარი არის საქონელი, სესხები, რომელთა უმეტესობასაც უკრაინა წელს მიიღებს.
მისი თქმით, კონფერენციის შედეგი არის საკმაოდ კონკრეტული დახმარება, რომ უკრაინამ ზამთარი მინიმალური დანაკარგებით გაიაროს.
"ზამთრის პერიოდში უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერად ყველა ჩვენი პარტნიორის მობილიზების ინიციატივა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი ცდილობს უმოწყალოდ გაანადგუროს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს", - თქვა შმიგალმა.
უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ 1 მილიარდი დოლარის ფულადი სახსრების და რესურსების მოზიდვის გარდა, იქმნება ეფექტური სოლიდარობის პლატფორმა. მისი თქმით, ის შეაჯამებს ინფორმაციას უკრაინის საჭიროებების შესახებ და უზრუნველყოფს პარტნიორების მხრიდან მყისიერი რეაგირების მექანიზმს.
კოლონამ განაცხადა, რომ 46 ქვეყნის და 24 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაპირებული თანხები გაიყოფა უკრაინის გამოფიტული ენერგეტიკული ქსელის, კვების სექტორის, წყლის, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის აღსადგენად.