შმიგალი: უკრაინა გეგმავს ევროკავშირის წევრი მაქსიმუმ ორ წელიწადში გახდეს
უკრაინას წლის ბოლომდე ამბიციური გეგმები აქვს, რათა შეასრულოს ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას გაცემული შვიდივე პირობა და გადავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესზე. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 9-10 სექტემბერს იალტის ევროპული სტრატეგიის შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპებით ვიმოქმედებთ. გავაანალიზეთ, როგორ გაიარეს ეს გზა სხვა ქვეყნებმა. ხუთი, შვიდი, რვა წელი დასჭირდათ. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მაქსიმუმ ორ წელიწადში გავიაროთ ეს გზა და გავაცნობიეროთ ჩვენი მიზანი, ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი ნაწილი", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინამ დაიცვა თავისი ცივილიზაციური არჩევანი და გააგრძელებს დასავლეთისკენ სვლას.
"ამ სისხლიანი ომის 200 დღის შემდეგ მთავარი დასკვნა არის ის, რომ უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა. ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. ჩვენ გავიმარჯვეთ ევროპაში ჩვენს სტრატეგიულ ვექტორში. რუსეთმა სტრატეგიულად წააგო. ისინი დარჩნენ თავიანთ არქაულ საბჭოთა მოდელში თავიანთი პროპაგანდით, იმპერიული ამბიციებით, რომელთა რეალიზების საშუალებას ცხადია არ მივცემთ", - განაცხადა მან.