შოლცი: არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს რუსული გაზის ემბარგო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დადებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

„აბსოლუტურად არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს გაზის ემბარგო. პუტინზე ეკონომიკურ ფაქტორებს გავლენის მოხდენა რომ შეეძლოთ, ის ამ შეშლილ ომს საერთოდ არ წამოიწყებდა“, - აცხადებს შოლცი გერმანულ Der Spiegel-თან ინტერვიუში.

კანცლერის თქმით, რუსულ ენერგო-რესურსებზე უარის ერთბაშად თქმა გერმანიის ეკონომიკას ძვირად დაუჯდება.

„...ყველაფერი ფულის შესახებ არ არის. მაგრამ ეს [ემბარგოს არ დაწესება] თავს აგვარიდებს დრამატულ ეკონომიკურ კრიზისს, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვას და სამუდამოდ დახურულ ქარხნებს“, - ამბობს გერმანიის მთავრობის მეთაური.

შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა ომის ესკალაციის საფრთხეზეც ისაუბრა.

„ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ისაა, რომ ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია ავიცილოთ“, - თქვა კანცლერმა ინტერვიუში.

იმ ფონზე, როცა უკრაინას სულ უფრო მეტი დასავლური ქვეყანა მძიმე შეიარაღებას აწვდის, გერმანია საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ მოექცა, რომ ბერლინი კიევს შექმნილი საომარი ვითარების არაპროპორციულ დახმარებას უწევს.

ცოტა ხნის წინ შოლცმა განაცხადა, რომ ბუნდესვერს უკრაინისთვის გადასაცემი იარაღის მარაგები ეწურება.

თუმცა კანცლერმა პირობა დადო, რომ ბერლინი კიევს დასავლეთში საჭირო შეიარაღების შეძენას დაუფინანსებს.


ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირი რუსეთზე დღემდე საგრძნობად რჩება დამოკიდებული.

ევროპის ქვეყნებს მოხმარებული გაზის 40 პროცენტი და ნავთობის მეოთხედი რუსეთიდან შემოაქვთ.

ევროკავშირი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში ენერგეტიკის სექტორის შეყვანაზეც მსჯელობს.

საფრანგეთი და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ლობირებენ.

ემბარგოს ეწინააღმდეგება უნგრეთი, რომლის ხმაც ევროკავშირის სანქციების ასამოქმედებლად აუცილებელი იქნება.

მსგავსი სიახლეები