შოლცი: უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დადგა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დრო ჯერ არ დადგა.
"მომენტი, რომელიც მშვიდობის პერსპექტივას გახსნის, ჯერ არ მოსულა", - თქვა მან ხუთშაბათს, 23 თებერვალს, გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში.
"იმის თქმას, რომ მოლაპარაკებები ახლა უნდა დაიწყოს, არაფერს მოჰყვება. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამჟამად მოლაპარაკების მხოლოდ ერთ ფორმას უშვებს, ეს არის ის, რომ ვიღაც უპირობოდ დანებდება და ის თავის ყველა მიზანს მიაღწევს", - განმარტა შოლცმა.
ამასთან, კანცლერმა თქვა, რომ აპირებს ვლადიმერ პუტინთან საუბრის გაგრძელებას, რათა "აუხსნას, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ის ხედავს". ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე დადგება მომენტი, როდესაც სამართლიანი მოლაპარაკებები ნამდვილად გახდება შესაძლებელი, მისაღები უკრაინელებისთვის და მიგვიყვანს სწორ შედეგებამდე.
შოლცმა ასე უპასუხა მემარცხენე პარტიის სპიკერის, საჰრა ვაგენკნეხტის და ქალთა უფლებების აქტივისტის, ალის შვარცერის პეტიციას, რომელიც აპროტესტებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებდა. პორტალ Change.org-ზე გამოქვეყნებულ პეტიციას - "მშვიდობის მანიფესტი" - 23 თებერვლამდე 10 დღეში 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.