შოლცმა ევროკავშირის მთავრობებს მოუწოდა, უკრაინისთვის მეტი იარაღი შეუკვეთონ
ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკები სურს, რეალური არ არის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 24 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ომის დასრულების გზებს არ ეძებს და საზოგადოებისთვის უცნობი სამომავლო მოლაპარაკებების გეგმები არ არსებობს.
"არა. ეს არის ყალბი ამბები, რომელსაც მემარჯვენე მედია ავრცელებს მთელ მსოფლიოში, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან", - განაცხადა შოლცმა.
მან აღნიშნა, რომ ეს ვერ აიძულებს მას პუტინთან კონტაქტის შეწყვეტას. ის გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დიალოგის მცდელობებს, როგორც ამას ადრე აკეთებდა.
"ნათელია, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები [უკრაინიდან]. ეს იქნება უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის შემდგომი დამყარების საფუძველი და რუსეთის იმპერიული მიზნების მიღწევის თავიდან აცილება", - თქვა მან.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებმა სამიტზე დაადასტურეს თავიანთი განზრახვა მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში იმდენ ხანს, რამდენიც გამარჯვებისთვის საჭირო იქნება.
შოლცმა მოკავშირეებს ასევე მოუწოდა აქტიურად შეუერთდნენ კონტრაქტებს, რომლებსაც მთავრობები აფორმებენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, რათა გაზარდონ საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.