შვედეთი უკრაინას 120 მილიონი ევროს "ზამთრის" დახმარებას მიაწოდებს

შვედეთმა უკრაინის ზამთრის დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 120 მილიონი ევროა.

ამის შესახებ SVT წერს.

მხარდაჭერის ახალი პაკეტი ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა და საერთაშორისო განვითარების, თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა წარადგინეს.

როგორც კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის ორმხრივი დახმარების ფარგლებში, უკრაინის ყველაზე დიდი მხარდაჭერა.

თანხის უმეტესი ნაწილი, 900 მილიონი შვედური კრონი ($85 მილიონი) მსოფლიო ბანკის უკრაინის აღდგენის ფონდს გადაეცემა. ფონდი მხარს უჭერს უკრაინის ინფრასტრუქტურას ენერგეტიკის, საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის სფეროებში.

შვედეთის დახმარების ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მოხმარდება გათბობის მოწყობილობების შეძენას და უკრაინის ელექტრო ქსელის სიმძლავრის გაზრდას. საუბარია სხვა ღონისძიებებზეც, რომლებიც უკრაინელებს ზამთარში გადარჩენაში დაეხმარება, მაგალითად, თავშესაფრების მშენებლობა.

ფორსელის თქმით, სწორედ ამას ითხოვდა უკრაინული მხარე.

მან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ "ენერგეტიკულ ტერორიზმში" დაადანაშაულა.

"რუსეთი მიზანმიმართულად უტევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რათა კიდევ უფრო გაართულოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უკვე მძიმე პირობები. ამ პაკეტით ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინას ახლის აშენებაში და დანგრეულის აღდგენაში," - თქვა მინისტრმა.

ამავე დროს, კრისტერსონმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაფართოებულ გრძელვადიან ბიუჯეტზე შეუთანხმებლობას მოჰყვეს.

მსგავსი სიახლეები