შვედეთი უკრაინას 290 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს

შვედეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეცამეტე პაკეტს ამზადებს, რომლის საერთო ღირებულებაც თითქმის 290 მილიონი ევროა.

ამის შესახებ SVT იუწყება.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პოლ იონსონმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობა უკრაინისთვის 3.4 მილიარდი შვედური კრონის (დაახლოებით 287 მილიონი ევრო) სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას გეგმავს.

სხვა შეიარაღებასთან ერთად, პაკეტი მოიცავს ქვეითთა საბრძოლა მანქანა Stridsfordon 90-ის და თვითმავალი ჰაუბიცა Archer-ის საბრძოლო მასალასა და სათადარიგო ნაწილებს, ასევე სატვირთო მანქანებსა და გამნაღმველ აღჭურვილობას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის პარტიებს პაკეტის დამტკიცების შესახებ "კარგი დიალოგისთვის" და იმედი გამოთქვა, რომ რიკსდაგი (შვედეთის პარლამენტი. - რედ.) ამ წინადადებას უკვე ამ კვირაში დაამტკიცებს.

"კონტრშეტევა ახლა აქტიურ ფაზაშია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს ომი გაჭიანურდება და გვქონდეს გრძელვადიანი პერსპექტივა, რათა შევძლოთ მხარი დავუჭიროთ შეიარაღებას და სისტემებს, რომლებსაც უკრაინას გადავცემთ," - თქვა პოლ იონსონმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა. ამ კონტექსტში, შვედეთი შეერთებული შტატებისგან AMRAAM-ის ჰაერი-ჰაერი რაკეტების შესყიდვას გეგმავს, რათა შემდეგ ისინი უკრაინას გადასცეს.

პოლ იონსონმა აღნიშნა, რომ ამ დახმარების შემდეგ შვედეთის არმიის მზადყოფნის დონე მოკლევადიან პერიოდში გაუარესდება, მაგრამ ეს რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს.

ივნისის ბოლოს შვედეთის მთავრობამ უკრაინის ჰუმანიტარული საჭიროებებისა და რეკონსტრუქციის მიზნით 32.5 მილიონი ევროს ახალი დახმარების პაკეტი წარადგინა.

მსგავსი სიახლეები