შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში შესვლაზე გადაწყვეტილებას 15 მაისს მიიღებს

შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია იუწყება, რომ NATO-ს წევრობის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას 15 მაისს გამოაცხადებენ.

შვედეთის სოციალ-დემოკრატი პრემიერის, მაგდალენა ანდერსონის (ფოტოზე) თქმით, იქამდე უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მრავალპარტიულ დასკვნას ელოდება, რომელიც 13 მაისს უნდა გამოქვეყნდეს.

ამჟამად შვედეთს სოციალ-დემოკრატების უმცირესობის მთავრობა უძღვება. NATO-ში შესვლის წინააღმდეგ კი მხოლოდ მწვანეთა და მემარცხენე პარტიები გამოდიან, რომელთა მხარდაჭერითაც უმცირესობის მთავრობა სარგებლობს.

მიუხედავად ამისა, შვედეთის NATO-ში შესვლა სწორედ სამთავრობო პარტიაზე დამოკიდებული, რამდენადაც დანარჩენი NATO-ს მომხრე ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა საკმარისი იქნება. მათ შორისაა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა, ზომიერი პარტია.

შვედეთთან ერთად NATO-ს წევრობაზე განაცხადის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში კიდევ ერთი სკანდინავიური ქვეყანა, ფინეთი გამოაცხადებს. ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიისტო, სავარაუდოდ, 12 მაისს გააკეთებს NATO-ში შესვლის მხარდამჭერ განცხადებას.

არც შვედეთი და არც ფინეთი ცივი ომის მიმდინარეობისას არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი არ ყოფილა, თუმცა NATO-ში შესვლის მიმართ მრავალპარტიული წინააღმდეგობა რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს წამოწყებულმა ომმა ძირფესვიანად შეცვალა. შვედეთშიც და ფინეთშიც ახლა მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში შესვლას მხარს უჭერს.

დიდი ალბათობით, შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადს მადრიდის სამიტზე შეიტანენ, რომელიც ამა წლის ივნისში უნდა ჩატარდეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები