შვედეთმა უკრაინისთვის 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გამოაცხადა
შვედეთის მთავრობამ 9 სექტემბერს, წარმოადგინა უკრაინას სამხედრო დახმარების მეჩვიდმეტე პაკეტი, რომლის ღირებულებაც 4.6 მილიარდი შვედური კრონია (401.6 მილიონი ევრო).
ამის შესახებ შვედეთის მთავრობამ განაცხადა.
დახმარების პაკეტი მოიცავს ჯავშანსატანკო და მცირე კალიბრის ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ყუმბარმტყორცნებს, დამცავ აღჭურვილობას, ჩაფხუტებს და ზამთრის ფორმებს.
გარდა ამისა, შვედეთი უკრაინას გადასცემს 500 მილიონი შვედური კრონის ღირებულების საზღვაო აღჭურვილობას, კერძოდ, ექვს საბრძოლო ნავს Combat Boat 90 და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას, ასევე გეგმავს დამატებით თანხების გამოყოფას უკრაინის დრონებით მომარაგებისთვის.
გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში იგეგმება სათადარიგო ნაწილების შეძენა JAS 39 Gripen-ის გამანადგურებლებისთვის, დაახლოებით 2.3 მილიარდი შვედური კრონის ოდენობით, რაც განიმარტა, როგორც მზადება მომავალში ამ თვითმფრინავების უკრაინისთვის შესაძლო გადაცემისთვის, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღება.
ამასთანავე, შვედეთი კიდევ 700 მილიონი შვედური კრონით დააფინანსებს სხვა მრავალმხრივ ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად.
"მე-17 მხარდაჭერის პაკეტით, შვედეთი შედის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალ ფაზაში, უფრო დიდი აქცენტით წარმოებაზე, ვიდრე შემოწირულობებზე," - ხაზს უსვამს შვედეთის მთავრობა.
ამ პაკეტის გათვალისწინებით, შვედეთმა უკრაინას 2022 წლის თებერვლიდან 48.1 მილიარდი შვედური კრონის (4.6 მილიარდი) სამხედრო დახმარება მიაწოდა, აქედან მხოლოდ 2024 წელს 25 მილიარდი კრონის (2.4 მილიარდი).