სინგაპური აზიის თავდაცვის სამიტს უმასპინძლებს - მთავარი საკითხი უკრაინაა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი სინგაპურში აზიის თავდაცვის სამიტს დაეწრება. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
რეგიონში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ის ასევე ინდონეზიასა და ინდოეთს ეწვევა.
Shangri-La Dialogue, რომლის ორგანიზატორიც ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტია (IISS), წელს რამდენიმე ევროპელ დელეგატს, მათ შორის უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს უმასპინძლებს.
2-4 ივნისის სამიტზე ასევე ყურადღება გამახვილდება ევროპის ერთგულებაზე აზიის რეგიონის მიმართ, რადგან ჩინეთის მზარდი საფრთხე მისი მეზობლების შეშფოთებას იწვევს.
პისტორიუსისა და რეზნიკოვის გარდა, სამიტს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი და ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაესწრებიან.
გარდა ამისა, სინგაპურში ჩავლენ დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების და შვედეთის თავდაცვის მინისტრები.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი შაბათს ისაუბრებს ამერიკის "ლიდერობაზე ინდო-წყნარ ოკეანეში", ხოლო მისი ჩინელი კოლეგა, ლი შანგფუ - თავისი ქვეყნის ახალ უსაფრთხოების ინიციატივებზე.
აღსანიშნავია, რომ შანგფუ ამერიკამ რუსეთისთვის ჩინეთის სამხედრო მარაგების გაგზავნაში მისი როლის გამო შავ სიაში შეიყვანა.
ღონისძიება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზის გამოსვლით გაიხსნება.