სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის კონტროლის ქვეშ მყოფ სირიის ტერიტორიებზე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მეოთხე ვადით იყრის კენჭს და დიდი ალბათობით კიდევ 7 წლით გააგრძელებს ქვეყნის მართვას.

10 წლის წინ დაწყებული სამოქალაქო ომის შემდეგ ეს მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. ოპოზიცია და დასავლეთი არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობს.

ასადი და მისი მამა ჯამში 50 წელია მართავენ ქვეყანას.

“ასადის რეჟიმის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალია და არც სამართლიანი - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა - ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და გაერთიანებული სამეფო ვგმობთ რეჟიმის მცდელობებს შეინარჩუნონ ლეგიტიმაცია სირიელი ხალხის ადამიანის უფლებების და თავისუფლებების პატივისცემის გარეშე.”

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ბაშარ ალ-ასადმა თქვა, რომ ამ ქვეყნებს “კოლონიური ისტორია აქვთ” და “ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც მსგავსი განცხადებები აშფოთებს.”

55 წლის ასადი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ასმასთან ერთად მივიდა.

სირიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მუჰამედ რაჰმუნის თქმით, ქვეყანაში 12,102 საარჩევნო უბანია. არჩევნებში მონაწილეობა 18 მილიონ სირიელს შეუძლია. 

სირიის მოსახლეობა კონფლიქტის დაწყებამდე 23 მილიონი იყო. ომს ნახევარი მილიონი ადამიანი შეეწირა, მოსახლეობის ნახევარი ლტოლვილად იქცა და 5 მილიონმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა.

მსგავსი სიახლეები