სლოვაკეთში რობერტ ფიცოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ აქციები იმართება

მთელი სლოვაკეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და მის გაუქმებას მოითხოვენ.

”ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ზეწოლას. ჩვენ დავიცავთ სამართლიანობასა და თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში“, - მიჰაუ შიმეჩკა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის - „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერი.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებით, 2024 წელს პროკურატურის ის ოფისი, რომელიც კორუფციასა და მძიმე დანაშაულებებს იძიებს, დაიხურება. გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილელები მოიცავს სასჯელის შემცირებას კორუფციისა და სხვა მძიმე დანაშაულისთვის, ასევე, პირობითი სასჯელის შესაძლებლობასა და ხანდაზმულობის ვადის მნიშვნელოვან შემცირებას.

კანონპროექტს პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ დამტკიცება ესაჭიროება. რობერტ ფიცოს კოალიციას 150 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 79 მანდატი აქვს. პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადების უფლება აქვს. გარდა ამისა, არსებობს კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა, სამთავრობო კოალიციას ვეტოს უბრალო უმრავლესობით დაძლევა შეუძლია.

ცოტა ხნის წინ მმართველმა კოალიციამ ცვლილებების დასამტკიცებლად სწრაფი საპარლამენტო პროცედურის გამოყენებას მხარი დაუჭირა. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ განიხილება იმ ექსპერტებისა და სხვა ადამიანების მიერ, რომლებიც საერთო საკანონმდებლო პროცედურებში ჩვეულებრივ მონაწილეობენ.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის კანონის უზენაესობას.

ევროპის კავშირის პროკურატურის ოფისის განცხადებით, სლოვაკეთის გეგმები საფრთხეს უქმნის ევროპული გაერთიანების ფინანსურ ინტერესებსა და მის ანტიკორუფციულ ჩარჩოს.

კონტექსტი

30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა - 23% რობერტ ფიცოს პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა. კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც ჯამში 79 მანდატი აქვთ.

რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეოთხედ მოახერხა. მის პოლიტიკურ გაერთიანება - „სმერს“, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 2006 წელს მოახერხა, წლებია აკრიტიკებენ კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კორუფციის აყვავებაში და ა.შ.

მსგავსი სიახლეები