სოლოვიოვი: რთული დროა, არ მეგონა, რომ ამას ოდესმე მოვესწრებოდი

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი პრიგოჟინის ამბოხს პირველად გამოეხმაურა. 

სოლოვიოვი მიმდინარე მოვლენებს მუსოლინის მარშსა და კორნილოვის ამბოხს ადარებს. ის მოუწებს ვაგნერელებს, "მოეგონ გონს და ნამდვილი მტრის წინააღმდეგ იბრძოლონ". 

"რთული დროა, არ მეგონა, რომ ოდესმე ამას მოვესწრებოდი. ჩვენ ხომ რუსი ადამიანები ვართ, ჩვენ ხომ სამშობლო გვიყვარს. ნუთუ ჩვენ მივცემთ თავს უფლებას ძმათამკვლელი ომის შედეგად ქვეყანა დავკარგოთ", - ამბობს სოლოვიოვი. 

რუსი პროპაგანდისტის თქმით, არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე სამოქალაქო ომი და ვაგნერელებმა იარაღი უნდა დაყარონ.

საყურადღებოა, რომ მიმდინარე ამბოხს ჯერ არ გამოხმაურებია სოლოვიოვის კოლეგა, მარგარიტა სიმონიანი.

------

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი.

აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.

24 ივნისს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

მსგავსი სიახლეები