სომხეთი და აზერბაიჯანი საღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდნენ
სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისია სახელმწიფოების საზღვრებთან განათავსონ. ამის შესახებ 7 ოქტომბერს ევროპული საბჭოს პრესსამსახურმა განაცხადა.
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის ფარგლებში შეხვდნენ.
"სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაეროს ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის მიმართ, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს იქნება საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობის საფუძველი და რომ სასაზღვრო კომისიების შემდეგი სხდომა ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სომხეთი დათანხმდა ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებას აზერბაიჯანის საზღვართან. საპასუხოდ, აზერბაიჯანი დათანხმდა ითანამშრომლოს ამ მისიასთან "იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს მას ეხება".
მისია ოქტომბერში დაიწყება და მაქსიმუმ ორი თვე გაგრძელდება. ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ მისიის მიზანია "ნდობის განმტკიცება და მათი ანგარიშების მეშვეობით სასაზღვრო კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა".