სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება მოუხსნეს

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ წაყენებული ბრალი მოუხსნა და ამის მიზეზად დანაშაულის ფაქტის არარსებობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო News.am ავრცელებს.

რობერტ ქოჩარიანის გარდა, იგივეს ედავებოდნენ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის [ОДКБ] გენერალურ მდივანს, იური ხაჩატუროვს, სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სეირან ოგანიანს და ყოფილ ვიცე-პრემიერს, არმენ გევორქიანს. მათ გამოძიება 2008 წელს კანონიერი ხელისუფლებაში დამხობაში ადანაშაულებდა. 

ერევნის სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 26 მარტის განჩინება. სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად მიიჩნია მუხლი, რომლის დარღვევასაც ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებოდნენ. 

ამის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტისა და ვიცე-პრემიერ გევორქიანის წინააღმდეგ კვლავ მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე. გევორქიანს და ქოჩარიანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ -  სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 13 აპრილს გაიმართება. 

კანონიერი ხელისუფლების დამხობის ბრალდებით გამოძიება სომხეთში 2018 წელს, ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ დაიწყო. გამოძიება 2008 წლის მოვლენებს ეხებოდა, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციონერებმა ერევანში მიტინგები გამართეს, რომელიც არეულობასა და სამოქალაქო მღელვარებაში გადაიზარდა. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 10 მოქალაქე, მათ შორის 2 პოლიციელი, დაიჭრა 250 მშვიდობიანი მოქალაქე. 

ქოჩარიანი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ამბობს, რომ ეს ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერის, ნიკოლ ფაშიანინის პირადი შურისძიებაა. 2008 წლის მიტინგების მთავარი ორგანიზატორი სწორედ ფაშინიანი იყო.

მსგავსი სიახლეები