SpaceX უკრაინისთვის Starlink-ის დაფინანსებას აღარ აპირებს
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანია SpaceX აღარ აპირებს, უკრაინას Strarlink-ის სატელიტური ინტერნეტის სერვისი დაუფინანსოს.
CNN-ი აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კომპანიის მიერ პენტაგონისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც SpaceX აშშ-ს მთავრობას სთხოვს, ხარჯები თავის თავზე აიღოს.
კომპანიის მტკიცებით, სერვისის მიწოდება უკრაინისთვის წლის ბოლომდე 120 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებათ, შემდეგი ერთი წელი კი - ჯამში 400 მილიონი.
თავად ილონ მასკი გასულ დღეებში ტვიტერზე წერდა, რომ SpaceX-მა უკრაინისთვის Starlink-ის უზრუნველყოფაში უკვე 80 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.
გავრცელებულ ცნობებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი თავადაც არ უარყოფს. დღეს ილონ მასკი ტვიტერზე გამოეხმაურა Kyiv Post-ის ჟურნალისტის, ჯეისონ ჯეი სმარტის პოსტს.
ჟურნალისტი წერდა, რომ SpaceX-ის გადწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინელმა დიპლომატმა და ყოფილმა ელჩმა გერმანიაში, ანდრიი მელნიკმა, მასკის პოსტის პასუხად "გაა**ი" დაწერა.
"ჩვენ მხოლოდ მის რჩევას მივყვებით", - წერს ილონ მასკი.