სროლა კიშინოვის აეროპორტში: თავდამსხმელი დაჭრილია, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება
ტაჯიკეთის მოქალაქე, რომელმაც პარასკევს შუადღისას კიშინოვის აეროპორტში ცეცხლი გახსნა, მძიმე მდგომარეობაშია და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა იონ მუნტეანუმ განაცხადა.
მუნტეანუს თქმით, სასაზღვრო კონტროლის და მოლდოვაში მისი ვიზიტის მიზნის გარკვევისას, ის აგრესიულად მოიქცა და "რამდენიმეჯერ გაისროლა."
ამასთანავე, პროკურორმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა მსროლელი სამხედრო ან კრიმინალური ჯგუფის წევრი.
კონტექსტი
კიშინოვის აეროპორტში პარასკევს შუადღისას ერთ-ერთმა უცხოელმა მგზავრმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც აეროპორტის მუშაობა შეჩერდა და მგზავრების ევაკუაცია მოხდა.
შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა - მესაზღვრე და აეროპორტის დაცვის თანამშრომელი, ხოლო ერთი მგზავრი დაშავდა.
მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე დააკავა. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე "რამდენიმე ადამიანის მკვლელობით ჩადენილი ტერორისტული აქტის" მუხლით აღძრა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მოლდოვამ კიშინოვის აეროპორტში კონტროლი გაამკაცრა, რათა პრორუსი აგენტების ქვეყანაში ამ გზით შესვლა აღეკვეთა.