სტეფანჩუკი პაპუაშვილს: სათანადოა "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში მიწვევას?

უკრაინის უმაღლესი რადას ფეისბუქ გვერდზე სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისადმი მიმართვა გამოქვეყნდა.

"არასათანადო – ასე აღწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩემი მოწვევა ბუჩისა და ირპენის მოსანახულებლად.

მას შეუძლებლად მიაჩნია უკრაინაში ჩამოსვლა მანამ, სანამ "უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სრულად არ გააცნობიერებს იმ ძლიერ მხარდაჭერას", რომელსაც საქართველო გვაძლევს. ასეთი ძლიერი მხარდაჭერის მაგალითად მან მოიყვანა უკრაინის სასარგებლოდ საქართველოს ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა გაერო.

კოლეგავ, უკრაინა აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს ამ რთულ დროს. ჩვენ ყოველდღიურად ვითხოვთ უფრო მკაცრ სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. არის ქვეყნები, რომლებიც ყველა სფეროში გვეხმარებიან. ასევე არის ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ცალკეულ საკითხებში გვეხმარებიან.

უკრაინა რუსეთთან კონფრონტაციის პირველი დღიდანვე მხარს უჭერდა საქართველოს: პოლიტიკურად, ინფორმაციულად, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ომის დროს უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემებით (Бук, Оса) იცავდით ცას.

არის თუ არა სათანადო, რომ "არასათანადო" უწოდო მიწვევას, ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერა სიტყვებით? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა უნდა გააკეთოს."

სტეფანჩუკმა მიმართვა შოთა რუსთაველის სიტყვებით დაასრულა: "ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად". 

 

მსგავსი სიახლეები