სტოკჰოლმის პოლიციამ დაუშვა აქციის ჩატარება, რომელზეც ყურანს დაწვავენ
შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმში საპროტესტო აქციის ჩატარების ნებართვა გასცა, რომელზეც ყურანს დაწვავენ. დემონსტრაცია შვედეთის დედაქალაქის მთავარ მეჩეთთან 28 ივნისს ჩატარდება.
მუსლიმთა წმინდა წიგნის დაწვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საფრთხეები "არ არის ისეთი ხასიათის, რომელიც გაამართლებს მოქმედი კანონით განაცხადის უარყოფის გადაწყვეტილებას," - აღნიშნავს შვედეთის პოლიცია.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, აქციის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავების ცნობით, აქციაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ორი ადამიანი გეგმავს.
თებერვალში შვედმა სამართალდამცავებმა მსგავსი ღონისძიების მოთხოვნას უარით უპასუხეს, რისი მიზეზიც უსაფრთხოების რისკები იყო. თუმცა, ივნისში საკასაციო სასამართლომ ასეთი აკრძალვა უკანონოდ გამოაცხადა.
იანვარში შვედეთის დედაქალაქში ულტრამემარჯვენე აქტივისტების დემონსტრაცია გაიმართა, რომელის დროსაც თურქეთის საელჩოსთან ყურანი დაწვეს. 100-მდე ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა აქციამ ისლამურ სამყაროში აღშფოთება გამოიწვია და შვედეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გააუარესა. სწორედ თურქეთის თანხმობის გაჭიანურებაა შვედეთის ნატოში შესვლის მთავარი წინაღობა.