ტერორიზმის ბრალდებით თურქეთში შვედი ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა შვედ ჟურნალისტ იოაკიმ მედინს, რომელიც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავეს.
პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისმა 30 მარტს განაცხადა, რომ შვედური გაზეთის, Dagens ETC-ის რეპორტიორი "შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის დახმარებისა" და "პრეზიდენტის შეურაცხყოფის" ბრალდებით დააკავეს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მედინი "ცნობილია ანტითურქული საქმიანობით და ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-სთან (ქურთისტანის მუშათა პარტია - რედ.) სიახლოვით."
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავების გადაწყვეტილება "არანაირად არ უკავშირდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას."
თურქეთის მთავრობის თქმით, მედინმა უზრუნველყო კომუნიკაცია პრესასა და თურქეთში აკრძალულ PKK-ს შორის. გარდა ამისა, ჟურნალისტი იმ 15 ეჭვმიტანილს შორისაა, რომლებიც 2023 წლის 11 იანვარს, სტოკჰოლმში, PKK-ს მხარდამჭერთა აქციაში მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მისმა მონაწილეებმა ერდოღანის ფიტული გამოიტანეს და "ჩამოახრჩეს."
შვედეთის მთავრობა აპირებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს იოაკიმ მედინას გათავისუფლება.
"ეს საკითხი ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტია," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგაარმა 30 მარტს.
Dagens ETC-ის მთავარმა რედაქტორმა ანდრეას გუსტავსონმა მისი გამოცემის თანამშრომლის მიმართ ბრალდებებს აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ მედინი ექსკლუზიურად ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული.