თეირანში ტრაგიკულად დაიღუპა შვეიცარიის საელჩოს თანამშრომელი
ირანის დედაქალაქში ტრაგიკულად დაიღუპა შვეიცარიის საელჩოს თანამშრომელი. როგორც ცნობილია, შვეიცარიელი დიპლომატი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან გადმოვარდა - ის ამ სახლში ცხოვრობდა.
ირანული წყაროების ინფორმაციით, დაღუპული შვეიცარიის საელჩოს პირველი მდივნის პოსტს იკავებდა. ირანის სახელმწიფო უწყებები და შვეიცარიული მხარეც არ ასაჯაროებენ დაღუპული დიპლომატის ვინაობას. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მათ ახლო კონტაქტი აქვთ ირანულ მხარესთან და დაღუპულის ოჯახთან.
"სამინისტრო ადასტურებს, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომელი და შვეიცარიის მოქალაქე ტრაგიკული ინციდენტის შედეგად, 3 მაისს გარდაიცვალა. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გენერალური კონსული, იგნასიო კასისი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო",- ნათქვამია შვეიცარიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში, იმ მაღალსართულიან სახლში მოხდა, რომელშიც შვეიცარიელი დიპლომატი ცხოვრობდა. ჯერჯერობით უცნობია იყო ეს სუიციდი, უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა.
ირანული პრესის ინფორმაციით, ქალის ცხედარი მებაღემ რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინა. შვეიცარიელი დიპლომატის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც დილის საათებში მას კოლეგამ სახლში მიაკითხა და დიპლომატი ვერ იპოვა.
შვეიცარიის საელჩო ირანში წარმოადგენს აშშ-ის ინტერესებსაც, მას შემდეგ, რაც 1979 წელს ირანმა და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირი სწორედ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით მყარდება.