თურქეთში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლის შემოგარენში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. დაკავებული წარმოშობით ავღანეთიდანაა და მას ბასიმის მეტსახელით იცნობენ. იგი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო.
თვითაღიარებული ხალიფატის არსებობის წლებში, რომლის დედაქალაქიც სირიულ რაქაში მდებარეობდა, ბასიმი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების სამხედრო მომზადებას კურირებდა და შედიოდა გადაწყვეტილების მიმღებთა წრეში, რომლებიც გეგმავდნენ ტერაქტებს ერაყში, სირიასა და ევროპაში.
ტერორისტის დაკავების ოპერაცია თურქეთის ნაციონალური დაზვერვის ორგანიზაციამ ჩაატარა. თურქული მედიის ცნობით, ტერორისტი თურქეთში ყალბი პასპორტით და გამოგონილი ვინაობით ცხოვრობდა. სამართალდამცველები მის გადაადგილებას ვიდეო მეთვალყურეობის კამერებით აკვირდებოდნენ და 28 აპრილს დააკავეს.
2019 წლის ოქტომბერში ამერიკული სპეცოპერაციის დროს, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი სირიისა და თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იდლიბის პროვინციაში იმალებოდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ალ-ბაღდადის ათზე მეტი ნათესავი დააკავეს.