თეთრმა სახლმა კონგრესს უკრაინის ომის სტრატეგიის შესახებ საიდუმლო ანგარიში გადასცა
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, სავარაუდოდ, კონგრესს გაუგზავნა საიდუმლო ანგარიში, რომელშიც განმარტა მისი სტრატეგია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.
ამის შესახებ Reuters სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
საუბარია დოკუმენტზე, რომლის მომზადების მოთხოვნაც შეტანილი იყო უკრაინის დახმარების პაკეტში, რომელზეც მოლაპარაკებები 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა და საბოლოოდ აპრილში მიიღეს. სტრატეგიის ანგარიშის წარდგენის საწყისი ვადა ივნისი იყო.
კონგრესის ერთ-ერთი წევრის თანაშემწემ თქვა, რომ მათ მოხსენება ორშაბათს მიიღეს და დოკუმენტი ჯერ არ უნახავთ.
კიდევ ორმა წყარომ დაადასტურა, რომ მათ დოკუმენტი მიიღეს.
მოხსენების დაგვიანებით წარდგენის შემდეგ, ზოგიერთმა რესპუბლიკელმა დაიწყო იმის თქმა, რომ ისინი იმედგაცრუებული იყვნენ და შესაძლოა დაბლოკონ შემდგომი ინიციატივები უკრაინის მხარდაჭერის დასაფინანსებლად.
სენატორმა ჯიმ რიშმა მოხსენებასთან დაკავშირებით კომენტარი აგვისტოში გააკეთა და განაცხადა, რომ ის უკრაინის დახმარების მომხრეა, მაგრამ "არა ბრმად."
"უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩვენ ვთხოვეთ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციას წარმოედგინა სტრატეგია, თუ როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს დაეხმარონ უკრაინას გამარჯვებაში. როდესაც მათ არ უპასუხეს თხოვნას, ჩვენ ეს კანონში ჩავწერეთ, რომ ასეთი სტრატეგია კონგრესში უნდა გამოეგზავნათ. ვადა გავიდა და პასუხი არ მიგვიღია. პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა უნდა წარმოადგინონ ეს სტრატეგია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ამერიკელი ხალხის წინაშე და რეაგირების ნაკლებობა იმაზე მეტყველებს, რომ მათ არ აქვთ ასეთი სტრატეგია, ან ეშინიათ მისი ჩვენების," - თქვა რიშმა.