The Economist: რუსეთის ეკონომიკა გადახურების პირასაა

რუსეთის ეკონომიკა საშიში გადახურების პროცესშია - რადგანაც ომზე გაზრდილი ხარჯები და სამუშაო ძალის ნაკლებობა ინფლაციურ წნეხს აძლიერებს. 

ამის შესახებ The Economist-ის მიერ მომზადებულ მასალაშია საუბარი. 

პუბლიკაციის ავტორების აზრით, ეკონომიკის გადახურების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი მომსახურების სფეროში გამოვლენილი ინფლაციაა. ამის ერთ-ერთ მაგალითად კი მოსკოვის Ritz Carlton-ის ფასები მოჰყავთ - თუ კი ომის დაწყებმდა სასტუმროს ოთახის ფასები 225 დოლარიდან იწყებოდა, ამ დროისთვის მინიმალური ფასი 500 დოლარს აღემატება. 

"ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფასის ზრდის მიზეზი შიდა ეკონომიკური ფაქტორებია",- წერს The Economist. 

ინფლაციის მთავარი მიზეზი კი სახელმწიფო ხარჯებია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ყოველთვიურად იზრდება. მომდევნო წელს რუსეთის თავდაცვის ხარჯები თითქმის გაორმაგდება და ჯამში მშპ-ს 6%-ს გაუტოლდება - ეს დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე კრემლი ზრდის სოციალურ ხარჯებსაც. პუბლიკაციის ავტორების ცნობით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში დაღუპული ჯარისკაცებს ოჯახის წევრები იღებენ ერთჯერად ფინანსურ კომპენსაციას, რომელიც ხანდახან მათი 30 წლის ხელფასს უტოლდება. 

მშპ-ს 5%-ს უტოლდება ე.წ. საბიუჯეტო სტიმულიც, რომელიც ეკონომიკაში მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამის ხარჯზე რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად იზრდება, თუმცა ჟურნალი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკამ შესაძლოა ვერ გაუძლოს ზრდის ასეთ ტემპს. 

2022 წლის დასაწყისში რუსეთის ეკონომიკაში მიწოდება მკვეთრად შემცირდა - ქვეყანამ დაკარგა დაახლოებით 250 მილიარდი დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, დაიწყო კვალიფიციური სამუშაო ძალის გადინება. ამ დროისთვის უმუშევრობა რუსეთში ისტორიულ მინიმუმზეა და 3%-ს შეადგენს. ეს ფაქტორები ხელს უწყობს ხელფასების სწრაფ ზრდას დაახლოებით 15%-ით წლიურ გამოსახვაში. გაძვირებული სამუშაო ძალის დამატებით ხარჯებს ბიზნესი კლიენტებს აკისრებს.

საბაზისო განაკვეთების გაზრდამ, კაპიტალის მოძრაობის დაწესებულმა შეზღუდვებმა და ნავთობის ფასის მატებამ შესაძლოა დროთა განმავლობაში გააიაფოს იმპორტი და გაამყაროს რუბლი, მაგრამ ეს წინააღმდეგობაში მოდის ვლადიმირ პუტინის სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებთან. 

დიდი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით ვლადიმირ პუტინს შეუძლია ომზე კიდევ უფრო მეტი ფული დახარჯოს, რაც კიდევ უფრო მაღალი ინფლაციის მომასწავებელია. 

"ნაკლებად მოსალოდნელია ამან პუტინი შეაჩეროს, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს რუსეთში არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამეები, ვიდრე ეკონომიკური სტაბილურობა",- წერენ ავტორები. 

 

მსგავსი სიახლეები