ტრამპი არ დათანხმდა ზელენსკის 2400-კილომეტრიანი რაკეტების მიყიდვის თხოვნას
.jpg)
გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი არ დათანხმდა ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას ტომაჰავკის ტიპის რაკეტების მიყიდვაზე, რომელთა მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ, ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით, Axios ავრცელებს. წყაროების ცნობით, ეს ერთადერთი შეიარაღებაა კიევის მიერ შედგენილი სიიდან, რომლის გადაცემასაც ამერიკელი პრეზიდენტი ჯერჯერობით არ დათანხმდა.
- იმავე Axios-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინელმა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ამერიკელ კოლეგას ახალი ტიპის შეიარაღება თხოვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ სისტემებზეა საუბარი.
- წყაროების ცნობით, საუბარია ტომაჰავკის ტიპის რაკეტებზე, რომლის მეშვეობითაც უკრაინა შეძლებდა დარტყმების განხორციელებას მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის სამხედრო ობიექტებზე, ჯამურად რუსეთის 60 რეგიონზე.
ჩაშლილად: წყაროების ცნობით, უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი შეიარაღების ქონას უკრაინის განკარგულებაში კრემლზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ეფექტი ექნებოდა და პუტინის სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგებდა.
- ზელენსკის თქმით, უკრაინა თანახმაა აღასრულოს დამატებითი შეზღუდვები და შორეული რადიუსის სისტემები მხოლოდ ამერიკელებთან მჭიდრო კოორდინაციისა და შეთანხმების პირობებში გამოიყენოს.
- კომპანია RTX-ის მიერ წარმოებული რაკეტის მოქმედების რადიუსი რამდენჯერმე აღემატება დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული რაკეტების მოქმედების არეალს — უკრაინის განკარგულებაში არსებული Storm Shadow/Scalp-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების რადიუსი 250 კილომეტრია, ხოლო ATACMS-ის — 300 კილომეტრამდე.
- მიუხედავად ამისა, ქვეყანაში წარმოებული დრონებისა და "აბლაბუდას" მსგავსი სპეცოპერაციების ფარგლებში უკრაინა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მტკივნეულ დარტყმებს ახორციელებს.
კონტექსტი: დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპი მხარს უჭერს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის საპასუხო დარტყმებს.
- ტრამპთან, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გამართულ შეხვედრას, უკრაინელმა პრეზიდენტმა „ძალიან პოზიტიური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპის პოზიცია ომთან დაკავშირებით „ძირეულად შეიცვალა“ და ამერიკელ პრეზიდენტს უკრაინის გამარჯვება სურს.
სიღრმისეულად: შემოტრიალება თუ გასვლა - როგორ გავიგოთ ტრამპის შეცვლილი რიტორიკა რუსეთის მიმართ