ტრამპი: ბაიდენი არ უნდა დაჰპირებოდა უკრაინას ნატოს წევრობას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ჯო ბაიდენის მხრიდან უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაპირება შეცდომა იყო.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი ამერიკულ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა.
"უკვე 20 წელია მესმის, რომ თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება ეს რუსეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ეს დიდი ხნის განმავლობაში მესმოდა და ვფიქრობ სწორედ ამ მიზეზით დაიწყო ომი",- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა გააკრტიკა ჯო ბაიდენის პოზიციები მიმდინარე ომთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი შეცდომა ის იყო, რომ ეს უკანასკნელი უკრაინას ნატოში გაწევრიანებას დაჰპირდა.
ამასთანავე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.
"4 წლის განმავლობაში არავის უთქვამს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ეს არასდროს მოხდებოდა, რუსეთი არ აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას. როგორც კი მე თეთრი სახლიდან წავედი, რუსებმა უკრაინის საზღვარზე ჯარების განლაგება დაიწყეს",- ამბობს ტრამპი.
კონტექსტი
2022 წლის თებერვალში დონალდ ტრამპმა დაგმო რუსეთი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, თუმცა კონტრავერსიულად. ასევე ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას 2022 წლის მარტში ტრამპმა პუტინს გენიოსი უწოდა და მოიწონა მისი გეგმა.
მოგვიანებით, ტრამპის პოზიციები რუსეთის მიმართ უფრო ხისტი გახდა - ის აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს პუტინი მსგავს თავდასხმას ვერ გაბედავდა.
მაისში დონორებთან შეხვედრის დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ დაბომბავდა მოსკოვს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მისი პრეზიდენტობის დროს, რომ მომხდარიყო. ტრამპის თქმით, მსგავსად მოიქცევა იმ შემთხვევაშიც თუ ჩინეთი ტაივანზე შეიჭრება.
ტრამპი ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებს, თუმცა უარს ამბობს კონკრეტიკაზე - როგორ შეძლებს ამას.