ტრამპი პირობას დებს, რომ ციხიდანაც იბრძოლებს ამერიკის პრეზიდენტობისთვის
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თუ პატიმრობას მიუსჯიან, მაინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
ამის შესახებ მან კონსერვატიული რადიოს წამყვან ჯონ ფრედერიკსთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა საიდუმლო დოკუმენტების არასწორად გამოყენებისთვის თავისუფლების აღკვეთა ტრამპის კამპანიას, ექს-პრეზიდენტმა უპასუხა: "სულაც არა."
"კონსტიტუცია არაფერს ამბობს, რომ ეს შეიძლება მოხდეს და მემარცხენე რადიკალი გიჟებიც კი ამბობენ არა, ეს არ აჩერებს და ვერც მე შემაჩერებს. ეს ხალხი ავად არის. ისინი აბსოლუტურ საშინელებას აკეთებენ," - განაცხადა ტრამპმა.
მან გაიმეორა პროკურატურის მიერ უკვე უარყოფილი თეზისი, რომ მას ჰქონდა უფლებამოსილება გაესაჯაროვებინა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები, რის გამოც მას ბრალი წაუყენეს და გაიხსენა, რომ იგივე გააკეთეს ამერიკის სხვა ყოფილმა პრეზიდენტებმაც.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურმა მრჩეველმა ჯეკ სმიტმა ტრამპს სამი ახალი ბრალდება წარუდგინა საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე.
საქმეს ასევე დაემატა მესამე ბრალდებული: კარლოს დე ოლივეირა, მარ-ა-ლაგოს თანამშრომელი, რომელიც ბრალდებულია ტრამპთან და მის თანაშემწე უოლტ ნაუტასთან თანამშრომლობით სათვალთვალო კამერის კადრების განადგურებაში.
დოკუმენტების საქმის სასამართლო განხილვა 2024 წლის 20 მაისს, კამპანიის პიკში დაიწყება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის ყველაზე პოპულარულია.