ტრამპი, საერთაშორისო სამართალი და ვენესუელის ხალხი - გია ნოდიას მოსაზრება
ვენესუელას შემთხვევის გამო დებატები, საქართველოში და გლობალურად, ძირითადად ტრამპის პიროვნებაზეა ფოკუსირებული. ისინი ტრამპის ფანებს და მის მოძულეებს შორის შერკინების კიდევ ერთ ასპარეზად იქცა. თუ ტრამპისკენ ხარ, მისი ეს ქმედებაც უნდა გაამართლო, თუ ტრამპს ვერ იტან, ამაშიც უნდა გაამტყუნო.
დიდად არ მიკვირს, რომ ასეა. მაგრამ ტრამპის პიროვნებაზე ჩაციკლვა - გინდა ქების, გინდა ძაგების აზრით, პროდუქტიული ვერ იქნება. ჩემი აზრით, მისი ამერიკის პრეზიდენტად არჩევა, მით უმეტეს მეორე ვადით, ამერიკულ (და ზოგადად დასავლურ) დემოკრატიაში ღრმა კრიზისული ტენდენციების მაჩვენებელია. მისი ქმედებები ამერიკის დემოკრატიასაც და საერთაშორისო წესრიგსაც სერიოზულ საფრთხეებს უქმნის (პირველ რიგში, დასავლეთის ერთიანობის კუთხით).
არ ვიცი, როგორ გამოჩნდება ეს ეპიზოდი, როცა მას ათი ან ოცი წლის შემდეგ გაიხსენებენ - მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შედეგების მიხედვით შეაფასებენ. ესენი, თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა: რა გავლენა ექნება მას საერთაშორისო წესრიგზე და როგორ აისახება ის ვენესუელაზე და მის ხალხზე.
ჩემთვის ეს მეორე ასპექტია ამოსავალი, თუმცა ყველაზე მეტი კამათი პირველზეა. მეც აქედან დავიწყებ.
საერთაშორისო სამართალი
მადუროების გატაცებით ამერიკამ საერთაშორისო სამართლის წესები დაარღვია. ამაზე არ ვკამათობთ.
მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის. პირველ რიგში ვაღიაროთ, რომ ტრამპს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია: თავად ფაქტში არაფერი სპეციფიკურად „ტრამპისტული“ არ ყოფილა.
თუკი „საერთაშორისო სამართლის“ ქვეშ გაეროს წესდებას ვიგულისხმებთ (უმრავლესობა აქედან ამოდის), ამერიკელებს, მარტო ან სხვებთან ერთად, ასეთი დარღვევა არაერთხელ მოუხდენიათ - მაგრამ მათზე რეაქციები რადიკალურად განსხვავდებოდა.
ამერიკას ხშირად უკიჟინებენ, რომ 2003 წელს ერაყში საერთაშორისო სამართლის დარღვევით შეიჭრა. ნაკლებად ახსენდებათ, რომ იგივე ითქმის 1999 წელს ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვაზე. თუმცა, ბევრი ევროპელი გეტყვით, რომ ეს უკანასკნელი ქმედება სრულიად მართლზომიერი იყო. რანაირად?
ან ავიღოთ 2011 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას (ბევრის თვალში, ტრამპის სრული ანტიპოდის) პერიოდში ოსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაცია სუვერენული პაკისტანის ტერიტორიაზე. რატომ არ მიმართა ამერიკამ პაკისტანს, როგორც წესი და რიგია, დამნაშავის ექსტრადიციის მოთხოვნით?
რა გამოდის: თუ ძალა შეგწევს, ყველაფერი მოსულა? კითხვა ლეგიტიმურია, პასუხია რთული. „საერთაშორისო სამართალი“ თავისთავად პრობლემური ცნებაა: რამდენადაა ის იდეალი და რამდენად - რეალობა.
ასევე პრობლემურია მსგავსი მაგრამ განსხვავებული ცნება „ლიბერალური მსოფლიო წესრიგი“ მასაც ამ დღეებში ბევრი ახსენებს. რას ნიშნავს ის? ოდესმე არსებულა თუ არა ასეთი რამ?
პატარა ქვეყნები - კერძოდ, საქართველო - ლიბერალური მსოფლიო წესრიგის მთავარი მოსარგებლეები არიან. რეალური დამოუკიდებლობის შანსი მხოლოდ ასეთი წესრიგის ფარგლებში გვაქვს, ამიტომ მისი ბედის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნებით.
გინდა „საერთაშორისო სამართალი“ თქვი და გინდა „ლიბერალურ მსოფლიო წესრიგი“, მისი საფუძველია არა მხოლოდ წესები, არამედ ძალა, რომელიც ამ წესებს დაიცავს. რა არის ეს ძალა? აშკარაა, რომ გაერო ასეთად ვერ გამოდგება, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალა არა აქვს. გაერო ვერაფერს გადაწყვეტს რუსეთი და ჩინეთის გარეშე, რომელთაც ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ინტერესი არ გააჩნიათ. განსაკუთრებით, რუსეთი ყველანაირ წესებს მსოფლიოს თავზე ამხობს.
რეალურად, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის იდეა დასავლურია და მის უკან ყოველთვის დასავლეთის ძალა იდგა; თავის მხრივ, დასავლეთი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით არსებობს.
მაგრამ მსოფლიო მხოლოდ დასავლეთი არ არის. შესაბამისად, იმისთვის, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის იდეას აზრი ჰქონდეს, დასავლეთი უნდა იყოს ობიექტურად სხვაზე ძლიერი; მეორეც, მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ნება, რომ თავისი ძალა ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასაცავად გამოიყენოს.
არც ერთი ეს წინაპირობა გარანტირებული არ არის. რუსეთი, ჩინეთი და სხვა მოთამაშეები დასავლეთს ღიად ან შეფარულად უპირისპირდებიან. დასავლეთი ხშირად ფეხს ითრევს, რომ თავისი ძალა გამოიყენოს. არც იმის გარანტია არსებობს, რომ როდესაც ის ამას გადაწყვეტს, ყველაფერს სწორად გააკეთებს. დასავლეთის შემადგენელ აქტორებს თავიანთი ეგოისტური ინტერესებიც აქვთ.
ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ქიმერა არ არის, მაგრამ სრულყოფილად არასდროს განხორციელებულა. სამყარო, რომელშიც ბოლო ათწლეულებია ვცხოვრობთ, ასეთი წესრიგის უაღრესად არასრულყოფილი მიახლოებაა. მაგრამ თუ დასავლეთმა დაკარგა ინტერესი საერთაშორისო წესრიგის დარეგულირების მიმართ, ან ანტილიბერალური აქტორები მასზე ძლიერები გახდნენ, პატარა სახელმწიფოების მდგომარეობა გაცილებით გაუარესდება.
ამასთან, საერთაშორისო სამართალი (გაგებული როგორც გაეროს წესდება) და ლიბერალური მსოფლიო წესრიგი სინონიმები არ არის. სიტყვა „ლიბერალური“ აქ არ გულისხმობს მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას, არამედ აგრეთვე ბრძოლას ამგვარი წესრიგის აშკარა და სახიფათო მტრებთან იმ შემთხვევებშიც, როცა ეს უკანასკნელნი ეროვნულ სუვერენიტეტს არიან ამოფარებული. სწორედ ეს ქმნის კოლიზიას ამ ორ ცნებას შორის.
გაეროს წესდების დარღვევის ხსენებული თუ სხვა შემთხვევები რომ გავიხსენოთ, როგორც წესი, დასავლეთი ურტყამს დიქტატორებს, რომლებიც, ერთი მხრივ, საკუთარ ხალხს განსაკუთრებული სისასტიკით ჩაგრავენ და, ამავე დროს, საერთაშორისო წესრიგს უქმნიან საფრთხეს. მაგრამ ვინ განსჯის, რა შემთხვევაშია ინტერვენცია გამართლებული? იდეალში - გაერო თავისი რუსეთით და ჩინეთით უშიშროების საბჭოში. რეალურად, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებენ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის სპონსორები, ამერიკა და მისი მოკავშირეები.
დღეს ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ორივე ძირითადი წინაპირობა ეჭვის ქვეშ დადგა. ობიექტურად, ეკონომიკურად და სამხედრო პოტენციალით, დასავლეთის დომინაციის ხარისხი მცირდება, ხოლო მთავარი ანტივლიბერალური მოთამაშე, ჩინეთი, ძლიერდება. დასავლეთს აკლია ან ძალა, ან პოლიტიკური ნება ამგვარი წესრიგის ეფექტიანად დასაცავად (რაც უკრაინის მაგალითზე ვნახეთ).
ამავე დროს, თავისუფალი სამყაროს სათავეში დგას ადამიანი, ვისაც სძულს ყველაფერი, სადაც სიტყვა „ლიბერალური“ ურევია, მათ შორის არც „ლიბერალური მსოფლიო წესრიგის“ გაგონება სურს. ბევრი ტრამპს ამგვარი წესრიგის მესაფლავედ ხედავს.
ასეა ეს? შეიძლება, თუმცა ჯერ ამ დასკვნის გაკეთება ნაადრევია. მაგრამ თავისი ობიექტური მნიშვნელობით, მადუროების კარაკასიდან გატაცების ეპიზოდი წინააღმდეგობაში არ შედის ძველ კანონზომიერებასთან: ხანდახან, ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის გაეროს წესდებასთან.
რუსეთი იმავეს იზამს?
ერთი პოპულარული არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ტრამპის ქმედება ირიბად ამართლებს რუსეთის და ჩინეთის მსგავს ქმედებებს თავ-თავის სამეზობლოებში. ეს არგუმენტი ზედაპირულად ლოგიკურია, მაგრამ არსებითად - ძალიან სუსტი.
ის საფრთხე, რაც ამ ლოგიკაში იგულისხმება, უკვე დიდი ხანია ამხდარია. „ლიბერალური მსოფლიო წესრიგის“ ოქროს ხანას შეადგენდა 1990-იანი წლები (პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უფროსი მას „ახალ მსოფლიო წესრიგს“ ეძახდა). სამყარო ერთპოლუსიანი იყო, დასავლეთის და მისი ლიდერის, ამერიკის სრული დომინაციით. რუსეთი ამერიკას აშკარად არ უპირისპირდებოდა, ჩინეთი ჯერ მნიშვნელოვან ძალად არ აღიქმებოდა.
1999 წელს ნატომ შეტევა განახორციელა იუგოსლავიაზე კოსოვოს ალბანელების დასაცავად, მაგრამ გაეროს სანქციის გარეშე. რუსეთმა არა მხოლოდ ყველაზე ხმამაღლა გააპროტესტა ეს აქტი, არამედ დაასკვნა, რომ „კოსოვოს პრეცედენტი“ ხელ-ფეხს უხსნის თავის სამეზობლოში მსგავსი წესით სამოქმედოდ. მან გამოიყენა ეს პრეცედენტი, ისევე როგორც ამერიკის და მისი მოკავშირეების შეჭრა ერაყში, როგორც 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის სამართლებრივი საფუძველი. დასავლეთი ძახილი, რომ „კოსოვო პრეცედენტი არ არის“, ჰაერში გამოკიდებული დარჩა.
მაგრამ რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, მასშტაბითაც და შინაარსითაც გაცილებით აღემატება მის 2008 წლის ოპერაციას. რუსეთმა დიდი ხანია, გადალახა ის ზღვარი, როცა სხვა ქვეყანაზე თავდასხმის გასამართლებლად ამერიკის პრეცედენტი სჭირდება. ამ მხრივ, ვენესუელის ოპერაცია აბსოლუტურად არაფერს ცვლის.
რამდენადმე განსხვავებული არგუმენტია ის, რომ ტრამპმა „მონროს დოქტრინა“ აღადგინა, რომლის თანახმადაც მთელი ამერიკის კონტინენტი ამერიკის ექსკლუზიური გავლენის ზონაა. ამით მან თითქოს ირიბად უთხრა რუსეთს: მე ჩემს სამეზობლოში რასაც მინდა იმას ვიზამ, შენც რაც გინდა ის უყავი შენს მეზობლებს.
ამას ემატება ტრამპის მიერ გრენლანდიის თემის ხელახლა წინ წამოწევა (და მანამდე საუბრები კანადის შეერთებაზე). ეს ჯერ მხოლოდ ლაპარაკია; მაგრამ თუნდაც ეს ლაპარაკი გაცილებით უფრო დამაზიანებელია მსოფლიო წესრიგისთვის, ვიდრე ვენესუელის ოპერაცია. ვერც კი შევადარებთ.
რა უნდა ვთქვათ ამაზე? ზოგადად, ტრამპი ცნობილია ექსტრავაგანტური და მიუღებელი განცხადებებით, რომელთაც გამართლება არა აქვს, მაგრამ უფრო პროდუქტიულია, მის ქმედებებზე ვფოკუსირდეთ: ამით გაცილებით უფრო რთულ სურათს დავინახავთ.
ტრამპის განცხადებებიდან გამომდინარე, მას თავიდან „იზოლაციონისტი“ დაარქვეს, დღეს ამას თითქმის აღარავინ ამბობს - ის პლანეტის სხვადასხვა ნაწილშია მეტად აქტიური. მისი ეს აქტივობა არც „მონროს დოქტინაში“ ჯდება (თუმცა, როცა უნდა, მასაც იშველიებს). შარშან მან (ასევე გაეროს წესდების დარღვევით) ირანს დაარტყა და ზოგადად, ძალიან აქტიურია ახლო აღმოსავლეთში: სად არის ამ დროს „მონროს დოქტრინა“? ან ჩვენს უშუალო სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიაში „ტრამპის გზის“ დაანონსება რა კონცეფციაში ჯდება?
ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინის კონფლიქტში წინააღმდეგობრივია და სამართლიანად იმსახურებს მკაცრ კრიტიკას. მაგრამ ჯერჯერობით არავითარი ნიშანი არ გვაქვს იმისა, რომ ვენესუელის ოპერაცია ამ კონფლიქტში რუსეთის პოზიციას რაიმენარიად გააძლიერებს,
ვენესუელის პერსპექტივა
ვენესუელის ოპერაციის მთავარი შედეგი იქნება ის, თუ რა მოხდება თავად ვენესუელაში.
ამ ოპერაციის ყველაზე ახლო ანალოგია 1990 წლის ასევე 3 იანვრის ეპიზოდი. როდესაც ამერიკელებმა დაატყვევეს პანამის დიქტატორი მანუელ ნორიეგა, ასევე გაეროს წესდების აშკარა დარღვევით. ამის საბოლოო შედეგი: პანამა დემოკრატია გახდა და დიქტატურის რეციდივი აღარ ჰქონია.
დადგება თუ არა მსგავსი შედეგი ამ შემთხვევაში? მთავარი კითხვა ესაა, თუმცა დღეს მას პასუხს ვერ გავცემთ. მხოლოდ სხვადასხვა სცენარის განხილვა შეგვიძლია.
საუკეთესო შედეგი რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიის დამყარება იქნებოდა. ამას ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა ამას ჯერ პირი არ უჩანს. უახლოეს ხანებში რადიკალურ ცვლილებას ამერიკის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია და არა წერტილოვანი ოპერაცია დასჭირდებოდა - ამას ტრამპი, სავარაუდოდ, არ აპირებს.
მადურო შეცვალა მისმა ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა, რომელიც მას არაფრით ჯობია. აშკარაა, რომ ტრამპი მასთან მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. „მუშაობა“ ამ შემთხვევაში ნიშნავს ზეწოლას სხვადასხვა მუქარების გამოყენებით. კონკრეტულად რას მიაღწევს ამით ტრამპი? ეს ჯერ არც ტრამპმა იცის ზუსტად და არც როდრიგესმა.
ხშირად ამბობენ, სრულიად სამართლიანად, რომ ტრამპისთვის დემოკრატიული ცვლილებები პრიორიტეტი არაა: ის უპირატესობას გეოპოლიტიკურ საკითხებს მიანიჭებს. ვენესუელა აღარ უნდა იყოს ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგის, ჩინეთის, აგრეთვე რუსეთის, ირანის, კუბის რეგიონული დასაყრდენი. მის ნავთობზე კონტროლიც პირველ რიგში ამ კონტექსტშია მნიშვნელოვანი (თუმცა ბიზნეს-ინტერესებსაც ვერ გამოვრიცხავთ).
ამ მიზნის მიღწევა შეიძლება რეალისტური იყოს. მარტო ესეც თუ მოხდა, სასიკეთო ცვლილება იქნება, რადგან ხსენებული ქვეყნების დასუსტება კარგია.
დემოკრატიას რაღა ეშველება? გაცილებით რთულია, გარედან ზეწოლით რეჟიმი პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე დაიყოლიო, ვიდრე მას გეოპოლიტიკური ვექტორი შეაცვლევინო. მით უმეტეს, თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ დემოკრატია დამყოლიებლის მთავარი პრიორიტეტია,
მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს პირადად ტრამპის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ის დღის წესრიგში იდგება.პოლიტპატიმრების მასობრივი განთავისუფლება იმედისმომცემი ნიშანია - ესეც ამერიკის ზეწოლით მოხდა.
ვენესუელის მეტი სიახლოვე შეერთებულ შტატებთან ჩინეთის, რუსეთის და კუბის ნაცვლად თავისთავად დაასუსტებს მმართველ რეჟიმს. ვენესუელას დემოკრატიის მდიდარი ტრადიციები აქვს და ისინი ადრე თუ გვიან თავს გამოავლენს.
ტრამპის ქცევის წინააღმდეგობრიობას რომ დავუბრუნდეთ, ის უკვე ორჯერ დაპირდა ირანის ხელისუფლებას, რომ საპროტესტო მოძრაობის მიმართ ძალის გამოყენებას არ აპატიებდა. ალაჰმა უწყის, როგორ აპირებს ის ამას (თუ აპირებს) - მაგრამ ასეთი განცხადებების შინაარსი გლობალური დემოკრატიის მხარდამჭერ „ნეოკონსერვატორს“ უფრო მოუხდებოდა.
მთავარია, რომ იმედის ნაპერწკალი ვენესუელაში გაჩნდა. დემოკრატიას შანსი გაცილებით რეალური გახდა, თუმცა გარანტია არაფრის არსებობს.ზოგადად, ცხოვრებაც ასეა. დანარჩენს ვნახავთ.
______________________________________________________________
მოსაზრების სექციაში გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენს ავტორის ხედვას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალპოლიტიკას სარედაქციო პოზიციას.
სტატიის ავტორია გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.