ე.წ. სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ მეორე სამამულო ომის ხანგრძლივობას გადააჭარბა
დღეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 1419-ე დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობამ გადააჭარბა რუსეთში მეორე სამამულო ომის ხანგრძლივობას.
ვითარების არსი: ყველაზე გავრცელებული შეფასებით, საბჭოთა კავშირის ომი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ სულ 1418 დღე გრძელდებოდა.
- ამ დროის განმავლობაში მოსკოვისა და კავკასიის მთებამდე უკან დახეულმა წითელმა არმიამ მოასწრო არამხოლოდ საბჭოთა ტერიტორიის გათავისუფლება, არამედ რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნისა და ბერლინის დაკავება.
- ამავე პერიოდში საბჭოთა არმიამ აღმოსავლეთ ფროტნზე ჯამურად დაახლოებით 2.6 მილიონი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა, რომელიც გერმანელებს ჰქონდათ ოკუპირებული.
- ამავე პერიოდში წითელმა არმიამ დაიკავა მეზობელი სახელმწიფოების დაახლოებით 600 ათასი კვადრატული კილომეტრი.
სტრიქონებს შორის: ცხადია, რომ ეს შედარება არ არის კორექტული - მეორე მსოფლიო ომი, რომლის ნაწილიც იყო დიდი სამამულო ომი მსოფლიოს უმსხვილესი სახელმწიფოების ტოტალურ სამხედრო დაპირისპირებას წარმოადგენდა - მიუხედავად ამისა პარალელი მრავლისმეტყველია.
- შედარებისთვის, მთელი 2025 წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში ჯამურად 5.6 ათასი კვადრატული კილომეტრი დაიკავა, ჯამურად ეს მოცულობა თითქმის ორჯერ აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, თუმცა გაცილებით ჩამოუვარდება 2022, რომლის განმავლობაშიც რუსეთმა დაახლოებით 60 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიაკავა.