ტრამპის წარმომადგენელსა და პუტინს შორის 3-საათიანი საუბარი შედგა - რა ვიცით

დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი რომელიც 11 თებერვალს მოსკოვში იმყოფებოდა ვლადიმირ პუტინს შეხვდა - მოლაპარაკებები 3 საათს გრძელდებოდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post Fox News-ის წამყვან შონ ჰანიტიზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უიტკოფის ვიზიტის ოფიციალური მიზანი რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქის, მარკ ფოგელის გათავისუფლება იყო, რომელიც ოფიციალური წყაროების ცნობით, პატიმრების გაცვლის ნაწილია. 

New York Times-ის ცნობით, მოსკოვში გამგზავრებამდე უიტკოფი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პუტინის "უახლოესი გარემოცვის წევრებთან - ამავე წყაროს ცნობით, უიტკოფმა უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა საუდის არაბეთის და კატარის წარმომადგენლებთანაც. 

თეთრ სახლში სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქესთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფოგელის გათავისუფლება შესაძლოა უკრაინაში ომის დასრულების კარგი წინაპირობა აღმოჩნდეს. 

ფოგელი, რომელიც წარსულში რუსეთში ამერიკის საელჩოს თანამშრომელი იყო, ხოლო ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ანგლო-ამერიკულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა 2021 წელს სამედიცინო მარიხუანის შენახვისთვის დააპატიმრეს, ხოლო უკვე 2022 წელს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ 12 თებერვალს კიდევ ერთი გათავისუფლება მოხდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია დეტალები - ამერიკული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა საუბარი იყოს ამერიკაში დაპატიმრებულ რუს ჰაკერზე, ალექსანდრ ვინნიკზე. 

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის თქმით, შეთანხმებების პირობები სამართლიანი იყო და ფოგელის გათავისუფლების სანაცვლოდ "ამერიკამ არც ისე ბევრი რამ დათმო."

ფოგელი სამშობლოში სტივ უიტკოფის პირადი თვითმფრინავით დაბრუნდა, რომლითაც დონალდ ტრამპსაც არაერთხელ უსარგებლია. უიტკოფის კუთვნილი Gulfstream ვნუკოვოს აეროპორტში დილის 9 საათისთვის დაეშვა და საღამოს 21 საათზე აფრინდა. 

ფოგელის გათავისუფლებაზე უკრაინის ომის კონტექსტში ისაუბრა ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცმაც - "ეს შეთანხმება დასტურია იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ უკრაინაში მიმდინარე საშინელი და სასტიკი ომის დასრულების გზაზე."

ვინ არის სტივ უიტკოფი?

სტივ უიტკოფი უძრავი ქონების მაგნატი, ტრამპის ძველი ბიზნეს პარტნიორი და უახლოესი მეგობარია. თავის მეორე ადმინისტრაციაში უიტკოფი ტრამპმა ახლო-აღმოსავლეთში საკუთარ სპეც-წარმომადგენლად დანიშნა, თუმცა ამერიკული მედიის ცნობით, უიტკოფის გავლენა სწრაფად იზრდება. 

New York Times-ის ცნობით, ფოგელის გათავისუფლება პატიმრების გაცვლის ჩვეული შეთანხმების ფარგლებს სცდება, ხოლო უიტკოფი "გარკვეულ" როლს ასრულებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე ოფიციალურ წარმომადგენლად დონალდ ტრამპმა 82 წლის გენერალი კეიტ კელოგი დანიშნა  გაზეთის წყაროების ცნობით, რამდენიმე კვირის წინ ტრამპმა უიტკოფს მისცა მითითება, რომ დაეწყო საიდუმლო მოლაპარაკებები კრემლთან. 

New York Times-ის ცნობით, ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საფრთხილო მდგომარეობას - "ტრამპი მოსკოვთან კავშირის არხს ამყარებს, პარალელურად კი კიევის მიმართ საჯაროდ გამოხატავს სპეტიციზმს."

 

მსგავსი სიახლეები