წლის ბოლომდე გერმანია უკრაინას 45 Gepard-ის საზენიტო სისტემას გადასცემს - DW

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინა უახლოეს კვირებში Gepard-ის 45 საზენიტო სისტემას მიიღებს. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიისგან უკვე მიიღო 34 თვითმავალი საზენიტო სისტემა Gepard. ამ საზენიტო სისტემას უკრაინელები განსაკუთრებით ეფექტურად ირანული დრონების წინააღმდეგ იყენებენ.

ასევე წელს, უკრაინა დამატებით ორ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს მიიღებს, კიდევ ოთხს მომავალ წელს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინის არმიის ამჟამინდელი კონტრშეტევის მთავარი სუსტი წერტილია.

ფრეიდინგმა აღნიშნა, რომ უკრაინაში IRIS-T-ს ეფექტურობა "თითქმის 100%-ია." უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო ორი ასეთი სისტემა.

"წელს უკრაინა კიდევ ორ სისტემას მიიღებს, 2024 წელს კიდევ ოთხს," - თქვა ფროიდინგმა.

მაისის შუა რიცხვებში გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინი უკრაინისთვის ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას ამზადებს, რომლის ღირებულებაც 2.7 მილიარდი ევროა.

ახალი პაკეტი მოიცავს: ოთხ საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს (12 გამშვები მართვადი რაკეტებით), 30 Leopard 1-ის ტანკი, 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder, 18 თვითმავალი ჰაუბიცა, 200-მდე სადაზვერვო დრონი, 100 ჯავშანმანქანა და 100 ლოგისტიკური მხარდაჭერის მანქანა.

მსგავსი სიახლეები