"თუ პუტინი არ წამოვა შეთანხმებაზე, რუსეთს დიდი პრობლემა ექნება"- ტრამპი უკრაინაზე
ამერიკის 47-ე პრეზიდენტის თქმით, თუ ვლადიმირ პუტინი უარს იტყვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე რუსეთს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში, პირველ საპრეზიდენტო განკარგულებებზე ხელმოწერის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
უკრაინის თემაზე საუბარი ამერიკელმა პრეზიდენტმა ორივე მხარის დანაკარგების შესახებ საუბრით დაიწყო - ტრამპის თქმით, სრულმასშტაბიანი შეჭრის მიმდინარეობისას უკვე მოკლულია 1 მილიონზე მეტი რუსი სამხედრო, ხოლო უკრაინის მხარეს დაღუპულთა რაოდენობა ტრამპის თქმით, 700 ათასს უახლოვდება.
"რუსეთი უფრო დიდია, მეტი ჯარისკაცი ჰყავს, მაგრამ ასე ქვეყანას ვერ მართავ"- თქვა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, "პუტინი მთლად კარგად ვერ უმკლავდება ვითარებას, ის ბევრს მუშაობს, მაგრამ უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ომი 1 კვირაში დასრულდებოდა, მაგრამ უკვე 3 წელია მიმდინარეობს."
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მოსამზედებელი პროცესი და შესაძლოა პუტინს მალე შეხვდეს და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეთანხმებაზე წავა.
"პუტინი უნდა დათანხმდეს გარიგებას, შეთანხმებაზე უარის თქმით, ის ანგრევს რუსეთს, ვფიქრობ რუსეთს სერიოზული პრობლემები ექნება, შეხედეთ მათ ეკონომიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს"- განაცხადა ტრამპმა.
ამავე თემის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას ფიქრობს, ის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციებს, ტარიფები ურჩევნია, "რადგანაც ეს ამყარებს დოლარს."