თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად ქილიჩდაროღლუ დასახელდა
ექვსი ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა ალიანსმა თურქეთის ოპოზიციის პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ დაასახელა.
ამის შესახებ Politico წერს.
ოპოზიციის ლიდერმა ანკარაში ექვსი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სახალხო კოალიცია "ქვეყანას კონსულტაციითა და ერთმანეთთან შეთანხმებით მართავს."
კოალიციის 12-პუნქტიანი შეთანხმების მთავარი დაპირებაა, რომ ქვეყანა საპარლამენტო სისტემაზე უსწრაფესად გადავა.
74 წლის ქილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო რესპუბლიკურ პარტიას (CHP) ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
მას თურქულ მედიაში ხშირად "თურქ განდის" უწოდებენ, მისი აღნაგობისა და თავმდაბლობის გამო.
მანსურ იავაში, ქემალ ქილიჩდაროღლუ და ეკრემ იმამოღლუ
ქილიჩდაროღლუს ერთიან კანდიდატად დასახელებამდე, ექვსი პარტიისგან შემდგარი კოალიცია დაშლის პირას იყო. კოალიციის საკვანძო წევრის, მემარჯვენე-ნაციონალისტური კარგი პარტიის (IYI) ლიდერი მერალ აქშენერი ოპოზიციის ერთიან კანდიდატად მხარს ანკარის მერს მანსურ იავაშს, ან სტამბოლის მერს ეკრემ იმამოღლუს უჭერდა.
საბოლოოდ ის ალიანსს ორშაბათს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც წინადადება მიიღო, რომ ორი მერი შეიძლება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ. თუმცა, თავის განცხადებაში ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ მის ვიცე-პრეზიდენტებად კოალიციაში შემავალი დანარჩენი ხუთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები დაინიშნებიან.
კოალიციის შეთანხმებაში დამატებით წერია, რომ ორი მერი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას კონკრეტული მოვალეობებით იმ დროს დაიკავებს, როცა ამას ქილიჩდაროღლუ ჩათვლის საჭიროდ.